Ford Bronco–ს გაცოცხლების შემდეგ მწარმოებელი ირწმუნებოდა, რომ სიახლე მხოლოდ აშშ–ს ტერიტორიაზე უნდა გაყიდულიყო, თუმცა შესაძლოა გეგმები რადიკალურად შეიცვალოს.
ჭორები იმის შესახებ, რომ ახალი Ford Bronco მხოლოდ მშობლიურ ბაზარზე იქნებოდა ხელმისაწვდომი, ავტომობილის პრემიერამდე ბევრად ადრე გავრცელდა და შემდეგ ავტომწარმოებელმა ეს ყველაფერი დაადასტურა კიდეც.
„ფორდი“ იმასაც ამტკიცებდა, რომ ყველგანმავალი მხოლოდ მარცხენა მხარეს განთავსებული საჭით გამოვიდოდა, თუმცა როგორც გამოცემა Ford Authority–მ დაადგინა, შეიძლება ეს მიდგომაც შეიცვალოს, რადგან მოდელი ისეთ ქვეყნებშიც გაიყიდება, სადაც უპირატესობა მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ენიჭება.
ასე რომ ყველგანმავალი შესაძლოა დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ინდოეთსა და სხვა სახელმწიფოებში გამოჩნდეს.
პროექტის მთავარი დიზაინერის განცხადებით, ავტომობილი ისეა აწყობილი, რომ საჭის გატანა ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენს და ისინი მზად არიან, მომხმარებელთა კომფორტისთვის ყველაფერი გააკეთონ.