გარდაიცვალა ქალი, რომელსაც აფხაზეთის ომში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ისტორია უკავშირდება. აფხაზეთიდან დევნილი, ნაირა კალანდია, რომელსაც კაზაკმა მებრძოლებმა საკუთარი შვილის თვალი გადააყლაპეს, შემზარავი ტრაგედიიდან 28 წელი იცოცხლა. საზოგადოება მას ხშირად გმირთა მემორიალთან ხედავდა. დევნილი ქალბატონი დღეს დაკრძალეს.
კალანდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა. ილია მეორემ სამძიმრის წერილში აღნიშნა, რომ ის იყო სიმბოლო აფხაზეთის ტრაგედიის და ამავე დროს საქართველოს ერთგულების მაგალითიც.
“გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ქალბატონ ნაირას გარდაცვალების გამო. იგი, შეიძლება ითქვას, იყო ერთგვარი სიმბოლო, ერთი მხრივ, მათი, ვინც აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლი გახდა და, მეორე მხრივ, მათი, ვინც ქართული სულის გაუტეხლობისა და საქართველოს ერთგულების მაგალითად იქცა.
იგი დღეს მიებარება მშობლიურ მიწას.
ღმერთმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს სამშობლოსათვის თავგანწირული, ერთგული მამულიშვილის, ქალბატონ ნაირას უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა” – წერია პატრიარქის წერილში.
