LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ლენჯერი, 2 კონტაქტი, 4 შემოტანილი და 1 სამედიცინო პერსონალი – ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება, 2 დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირია, 4 შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთიც სამედიცინო პერსონალია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში 260 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 80 პროცენტს შეადგენს.

8 ახალი შემთხვევა და 13 გამოჯანმრთელებული

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1 421 შემთხვევა, დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა. ერთის წყარო ლენჯერია, ორის წყარო დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, ოთხი შემთხვევა შემოტანილია, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად არის 1 150. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების განაწილება ასეთია: კვლავ ხუთი კრიტიკული პაციენტი რჩება, 23-ის მდგომარეობა არის მძიმე. ისინი კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსით რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„ინფექციური პროცესის კანონია, რომ ერთხელ გადატანილი დაავადების განმეორებითი ინფიცირება, გარკვეულწილად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ორგანიზმს მაინც აქვს გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომელიც არ არის საკმარისი იმუნიტეტისთვის, მაგრამ დაავადებისთვის, ბრძოლისთვის ორგანიზმი ამას იყენებს. რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
რეინფიცირების შემთხვევის დროს დაავადება იყო თითქმის უსიმპტომო. ჩვენ ვიცით, რომ ამ დროისთვის არ არის ცნობილი იმუნიტეტის ხანგრძლივობა, მისი ხარისხი. შესაძლებელია მოხდეს, რომ არ ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი, მაგრამ ეს იქნება ძალიან ერთეულ შემთხვევებში და ამ ეტაპზე ერთეულ შემთხვევებზე ლაპარაკი ნაადრევია“, – განაცხადა მარიან ეზუგბაია.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.

გარდაცვლილი მე-19 პაციენტი სახლში მკურნალობდა და მას ინფიცირებული და უვლიდა