LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის შეიძლება სექტემბერ-ოქტომბერში მობრუნდეს, მაგრამ არ იქნება იმდენად დამაზიანებელი” – ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსზე

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ვაქცინა, რომელზეც მსოფლიო მუშაობს, უნდა იყოს კარგად გამოცდილი და გააზრებული. მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატი უნდა გამოიცადოს დიდ პოპულაციაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი გლობალური გამოყენება. კულუმბეგოვმა ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი ვარაუდით, ვირუსი შესაძლოა შემოდგომის პირველ თვეებში კვლავ გააქტიურდეს, თუმცა უკვე აღარ ექნება იმდენად დამაზიანებელი ეფექტი, რაც ახლა აღენიშნება.

„თუ ისევ დარჩა იმ ჩარჩოებში, რასაც ვუყურებთ რესპირაციული დაავადებების დროს, ვფიქრობ, რომ რაღაც თვალსაზრისით ის სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ შეიძლება მობრუნდეს, მაგრამ ის აღარ იქნება იმდენად დამაზიანებელი და რთული, თუ მომზადებული შევხვდებით. ვაქცინასთან მიმართებაში აჩქარება სწორი არ იქნება. თუ გადავხედავთ პრეისტორიულ მონაცემებს, ვაქცინის შექმნის მცდელობა იყო მერსის დროს. ეს იყო კორონავირუსის წინა შტამი 2012 წელს. ამ ვაქცინამ გამოიწვია შინაგანი ორგანოების დაზიანება და და ვერ განვითარდა“, – განაცხადა  კულუმბეგოვმა.

იმუნოლოგი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მედიცინა სწრაფად განვითარდა. მისი განმარტებით, ვირუსმა გენომური და მუტაციური ცვალებადობა განიცადა და არ არის აგრესიული.

“აღწერილია 600-მდე მუტაცია, მაგრამ სამი ან ოთხია მნიშვნელოვანი, რამაც შესაძლოა ვაქცინის ეფექტურობაზე მოახდიონოს გავლენა. თუმცა აქაც შეიძლება იყოს გამოსავალი. ჩვენ ვიცით გრიპის ვირუსის მაგალითი, როდესაც ერთი და სტაბილური ვაქცინა არ გვაქვს. მაგალითად, არსებობს სტაბილური ვაქცინები წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზე, ბე ჰეპატიტის ვირუსზე, მაგრამ გრიპთან მიმართებაში სტაბილური ვაქცინა არ არსებობს და თითქმის ყოველ წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იმ შტამს შეიტანს მხოლოდ, რომელიც ყველაზე აქტუალურია ან მუტაცია განიცადა შესაბამისმა ანტიგენურმა კომპონენტმა“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.