საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიცია უკუღმართია. უფრო კონკრეტულად კი მამუკა მდინარაძე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასთან დაკავშირებით. მდინარაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში იყო მაშინ, როდესაც მსოფლიო მუშაობდა და ახლა „გაგიჟდნენ“ მუშაობაზე, როდესაც მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მისი თქმით, პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელ ფუნქციას არულებს და ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„როდესაც მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დიდ დილეტანტიზმს, რომ არ იციან საგანგებო მდგომარეობის და საგანგებო სესიების არსი, ან ნიშნავს იმას, ისინი მორიგ ჯერზე სპეკულირებენ, როგორც ამას ხშირად აკეთებენ ხოლმე. მათი ვორდინგი აღარ ჯდება არანაირი ლოგიკაში”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ქვეყანაში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა პრიორიტეტი, სადაც ღონისძიებების განხორციელებაში საკანონმდებლო ორგანოს წევრები აქტიურ მინაწილეობას იღებენ.
დღეს პრიორიტეტია სამი ძირითადი მიმართულება:
1. კრიზისის მენეჯმენტი, რაშიც საქართველოს პარლამენტი არათუ კონტროლს ახორციელებს, არამედ უშუალოდაა ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში;
2. ჯანდაცვის მიმართულებით შესაბამისი კომიტეტი არათუ ახორციელებს კონტროლს, არამედ შემოწმებებს კლინიკების დონეზეც კი ახდენს;
3. ეკონომიკური მიმართულება, სადაც პარლამენტის 8 წევრია წარმოდგენილი, ლიდერშიპის და კონკრეტული კომიტეტების თავმჯდომარეების ჩართვით.
არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც კომიტეტის თავჯდომარეები და კომიტეტის წევრები არ არიან ჩართული. მაჟორიტარი დეპუტატები ჩართული არიან ადგილობრივი შტაბების მუშაობაში, იქაურ მენეჯმენტში”, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მუშაობა მიდის ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპსა და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა არ იყო საგანგებო მდგომარეობა.
