პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელების სულ 12 შემთხვევა აქვთ, ხოლო უახლოეს წუთებში სამედიცინო დაწესებულებას 5 მოქალაქე დატოვეს. ლევან რატიანის თქმით, მათ შორის არის 13 წლის მოზარდი. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისათვის დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ყოველგვარი გართულებების გარეშე. მისი თქმით, რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულში გადმოყვანილია პაციენტი, რომელიც მძიმე მდგომარეობით მკურნალობდა. ამ ეტაპზე მის მდგომარეობას რატიანი დამაკმაყოფილებლად აფასებს და ვარაუდობს, რომ რამდენიმე დღეში კლინიკიდან კიდევ რამდენიმე პაციენტი გაეწერება.
“ამჟამად კლინიკაში 88 პაციენტი გვყავს. აქედან 68 არის დადასტურებული შემთხვევა. დღეს, რამდენიმე წუთში, კლინიკიდან გაეწერება გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი. მათ შორისაა ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი, 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 24 დღის განმავლობაში იწვა. პროტოკოლის მიხედვით, ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი პასუხი ტესტზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანი თქმით, კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევით ბოლო 24 საათში პაციენტი არ შესულა, მხოლოდ სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადაიყვანეს ორსული ქალბატონი. რატიანი ახალი პაციენტის მდგომარეობას დამაკმაყოფილელად აფასებს და ამბობს, რომ როგორც დედის, ასევე ნაყოფის მკურნალობა ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.