LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მაისი შრომის ულებების დაცვის დღეა: როგორი უნდა იყოს სამუშაო დღე

მშრომელთა საერთაშორისო დღე ან შრომის დღესასწაული ან მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, მსოფლიოში აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს. ამ დღის დასაბამი აშშ-დან მოდის, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს რამდენიმე ამბოხი მოხდა შრომის უფლებების და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

რას მოიცავს შრომის უფლება

შრომის უფლება მოიცავს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა უფლებასა და მოვალეობას. სინამდვილეში იგი არ არის ადამიანის ცალკე მდგომი უფლება. ეს ისეთ დებულებათა ნაკრებია, რომლებიც თანაბრად ითვალისწინებს როგორც ტრადიციულ თავისუფლებებს, ისე უფლებებისადმი თანამედროვე მიდგომებსა და ვალდებულებებზე ორიენტირებულ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს მკაცრად განსახორციელებელ სამართლებრივ მოვალეობებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. შრომის უფლებასთან დაკავშირებულმა დებულებამ სერიოზული დებატები გამოიწვია საყოველთაო დეკლარაციის მომზადების პროცესშიც. სიტყვა “შრომა“ განიხილება სამსახურის გაწევად სხვა ადამიანისთვის და ამ ადამიანის ხელმძღვანელობით და ამ სამსახურისთვის ანაზღაურების მიღებად. არ არსებობს თვითდასაქმების (როგორც ასეთის) უფლება. თუმცა, ეს უფლება შეიძლება ნათლად გამომდინარეობდეს შრომის უფლებიდან და შესაძლოა სავალდებულო შრომისგან თავისუფლების ნაირსახეობაც იყოს. (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება)

 

რამდენია სამუშაო დროის მაქსიმალური ოდენობა კვირის განმავლობაში

სამუშაო დრო დასაქმებულისთვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში – კვირაში 48 საათს.
16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს. გაითვალისწინეთ, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.

 

რამდენია დასვენების მინიმალური ხანგრძლივობა

სამუშაო დღეებს (ან ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. დასვენების მინიმალურ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ, რომ დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ასეთი შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

შრომითი ურთიერთობის განმავლობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

 

ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო შეცვალა. შეიცვალა უფლებები და მოვალეობები. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საკანონმდებლო ცვლილებები დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ჯერ არ განხორციელებულა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შრომითი უფლებები, ისვევ როგორც მოვალეობები, არ განისაზღვრება სახელმწიფო კოდექსის მიხედვით.