LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ერთ თვეში რუსეთიდან საქართველოში 231 მლნ დოლარზე მეტი გადმოირიცხა – რამ განაპირობა ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდა

2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.5% მოდიოდა.

რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა საკუთარი დანაზოგები საქართველოში გადმოიტანეს – პაპაშვილი

ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში 231.4 მილიონი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 492%-ით მეტია. თუკი წარსულში რუსეთიდან გზავნილების მთავარი წყარო ამ ქვეყანაში მომუშავე ქართველები იყვნენ, ახლა გზავნილები, ძირითადად, რუსეთიდან საქართველოში ემიგრირებული მოსახლეობის გადმორიცხვებს წარმოადგენს.

რუსეთის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს იტალია, საიდანაც 35.6 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. 27.7 მილიონით მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი 18.8 მილიონით მეოთხე პოზიციას იკავებს.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2022 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.6 მლნ აშშ დოლარი (87.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივნისის (26.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.7%-ით მეტია.