LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 უცხოელი ინფლუენსერი საქართველოს პოპულარიზაციას გაუწევს და მას მთელ მსოფლიოს გააცნობს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა კოლხეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლეს.

ბლოგერმა მოგზაურებმა საქართველოში Unesco-ს ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს  და ინფორმაცია მიიღეს ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ. კოლხეთის ეროვნული პარკის გარდა, ბლოგერები ოკაცესა და მარტვილის კანიონებსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებსაც ესტუმრნენ.

12 ინფლუენსერი, რომელიც საქართველოს 4 სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობს, სხვადასხვა რეგიონის სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ – ტურისტულ მიმართულებებს და პროდუქტებს სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევს, რომელსაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა მთელ მსოფლიოში.

მასშტაბური პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკულ პლატფორმა Steller-თან ერთად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2 კვირის განმავლობაში, Facebook-ის, Instagram-ის TikTok – ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან საქართველოს ტურისტულ ადგილებს სტუმრობენ.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობასა და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.