დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით – ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან.
“ძვირფასო მეგობრებო, გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული.
დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან; ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით”, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აფასებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი.
„გერმანიის არსებითი ჩართულობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, სადაც ის მუდმივად თამაშობს წამყვან როლს, ძალიან დასაფასებელია. საქართველოსთვის გერმანიის განსაკუთრებული როლის კიდევ უფრო ცხადი დემონსტრირებისთვის, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. უზრუნველყოფილმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სისრულეში მოსაყვანად.
ძვირფასო მეგობრებო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. დარწმუნებულნი ვართ, რომ მასპინძელი ქვეყნის რანგში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (ITB Berlin) დამატებით სტიმულს მისცემს ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას გერმანული ინვესტიციების საშუალებით და ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტულ ნაკადებსაც გაზრდის. კიდევ ერთხელ ვულოცავ გერმანიას და გერმანელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და გიდასტურებთ საქართველოს მზადყოფნას ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ერთად ყოფნით და კოლექტიური ძალისხმევით შევიტანთ წვლილს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
