LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი რურუას უკანონო პოლიტიკური პატიმრობის დასრულების მიზნით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების, რურუას უფლებადამცველებისა და მისი მეუღლის შეხვედრა გაიმართა

”უკანონო პოლიტიკური პატიმრობა” უნდა დასრულდეს – ამ საკითხზე, გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშფილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადა დაარღვია და საქმის განხილვა არ გაგრძელებულა. დღეს კი, გიორგი რურუას უკანონო პოლიტიკური პატიმრობის დასრულების მიზნით, სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების, რურუას უფლებადამცველებისა და მისი მეუღლის – სოფო სიხარულიძის შეხვედრა გაიმართა.

”საუბარი იყო, რომ გავაკეთოთ მიმართვა და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ასპარეზზე გავაქტიურდებით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არაერთი გამოხმაურება იყო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპარლამენტიდან. შესაბამისად, ამ მიმართულებებით გარკვეული ტიპის ღონისძიებები დაიგეგმა. წელიწადი და ოთხი თვეა პატიმრობაში იმყოფება გიორგი რურუა. სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადა დაარღვია და დღემდე არ არის ეს საქმე განხილული, მაშინ როდესაც ზაფხულის შემდეგ ორთვიანი ვადა ჰქონდა სასამართლოს. ამ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება გარდა პოლიციელთა ყალბი ჩვენებებისა, პირიქით არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს მის უდანაშაულობას. მათ შორის არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ამოღებულ იარაღზე გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები არ არის”. – განმარტა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას საკითხი 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა არ შესრულებულა.

”ვმსჯელობდით სტრატეგიაზე, როგორ მოვახდინოთ მისი პატიმრობის თემის გააქტიურება როგორც შიდა, ასევე საგარეო დისკუსიაში.  გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომლითაც ვიმოქმედებთ უახლოეს მომავალში იმისათვის, რომ გააქტიურდეს ამ საკითხზე მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ყურადღების კონცენტრირება”. – განაცხადა, სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ”მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.