LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ახალი ინფიცირებულიდან 2-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

“სხვადასხვა კლინიკებში 168 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან 2-ის წყარო უცნობია და ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

რაც შეეხება დანარჩენ 8 ინფიცირებულს, მარინა ეზუგბაიას თქმით, 3 იმპორტირებული შემთხვევაა, 5-ს კი დადასტურებულად ინფიცირებულთა ჰქონდა კონტაქტი.

“გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 86 %-ია, ხოლო კოვიდცენტრებში ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს 168 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ამ 10 ახალი შემთხვევიდან, 5 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან 1 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 2 გახლავთ საკარანტინე სივრციდან. 2 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებით და წყაროს დადგენის თვალსაზრისით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მაჩვენებლის გაზრდის მიუხედავად, ქვეყანაში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ არის, თუმცა ვირუსი კვლავ არსად წასულა და არსებული რეგულაციების შესრულება აუცილებელია.

“ერთნიშნა რიცხვები, ან თუნდაც 10-11 კატასტროფა არ არის. კოვიდთან მიმართებით შემთხვევების ასეთი მატება ქვეყნის მიღწევებზე გავლენას არ მოახდენს. ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტის კვლევა და წყაროს დადგენა ხორციელდება და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ხედავთ, უკვე 6 თვეზე მეტი გავიდა და დაავადებათა კონტროლი ამ პროცესს წარმატებით ახორციელებს, ასეთივე წარმატებით გააგრძელებს. თქვენზე, ჩემზე, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს. ეს რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, ნამდვილად შესრულებადი უნდა იყოს. უნდა შევასრულოთ რეგულაციები, ინფექციის მკაცრად გაკონტროლება უნდა ხდებოდეს. ასე თუ გაგრძელდება ქვეყანაში, არ იქნება საშიშროება იმისა, რომ ეს სიტუაცია უმართავი გახდეს, იქნება ასეთივე ზომიერი და კონტროლირებადი მატება. ჩვენ ვამბობთ, რომ კოვიდ-19 არსად წასულა და აქ არის. ჩვენს გარშემო ქვეყნებში ხომ ხედავთ, რა ხდება? ჩვენ ოაზისივით ვართ სხვა ქვეყნებთან მიმართებით. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, უნდა გავითვალისწინოთ რეგულაციები და შევასრულოთ,”- აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის შემთხვევები 10-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა.