LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება და აგებს პასუხს კანონის წინაშე – კახა კალაძე ხორავას ქუჩის საქმეზე

პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ზაზა სარალიძის ოჯახს, ეს ძალიან დიდი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. ამის შესახებ თბილისის მერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

“ვფიქრობ, კითხვებს, რომლებიც აქვთ გარდაცვლილთა ოჯახებს და არსებობს საზოგადოებაში, აუცილებლად უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება და აგებს პასუხს კანონის წინაშე.

სწორი მიდგომაა ის, რა გადაწყვეტილებაც პარლამენტმა მიიღო. შეიქმნა საპარლამენტო კომისია და მგონია, რომ ესეც წაადგება ამ საქმის გამოძიებას, წაადგება ამ კონკრეტულ საქმეს, გავიგოთ რეალობა, გავიგოთ სიმართლე. თუ იყო ხარვეზები გამოძიებაში, ეს აუცილებლად უნდა დადგინდეს; თუ იყო ხარვეზები თვითონ სასამართლოში და გადაწყვეტილების მიღებაში, ესეც უნდა იყოს ცხადი და უნდა გაიგოს საზოგადოებამ რეალობა. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო კომისიის მუშაობით და ასევე, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ყველაფერი იქნება ცხადი.

ისე უნდა წარიმართოს პროცესი, რომ საზოგადოებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამ მომენტისთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, როგორც ოჯახისთვის, ასევე ჩემთვის. მე კარგად მესმის თუ რამდენად მწარეა, რამდენად რთულია, როდესაც თავს დაგატყდება ასეთი ტრაგედია, მე საკუთარ ოჯახზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რაც მოხდა, ვგულისხმობ დაპირისპირებას, რომელიც დასრულდა მკვლელობით. ძალიან მძიმე ფაქტია ეს ყველაფერი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რომლის თანახმად ერთი არასრულწლოვანი განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ.

გუშინ დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი, მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა. ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებთან ერთად აქცია თავდაპირველად პროკურატურასთან გამართა, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციაზე მოგვიანებით პრემიერი მივიდა, თუმცა, მას ადგილზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით მან განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.