ფრანგი დიზაინერი, ტეირი მიუგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრენდმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„მისი, როგორც მაღალი მოდის დიზაინერის, სუნამოებისა და სტილის შემქმნელის წარმოსახვის უნარმა მსოფლიოში უამრავ ადამიანს მისცა შესაძლებლობა, უფრო გაბედულები ყოფილიყვნენ და მეტი ეოცნებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიზაინერის მიერ შექმნილ ტანისამოსს დევიდ ბოუი, ლედი გაგა, ჯორჯ მაიკლი, შერონ სტოუნი, ბიონსე, კიმ კარდაშიანი, ირინა შეიკი და სხვა ვარსკვლავები ატარებდნენ.
ცნობისთვის, მისი ბრენდი ცნობილი გახდა ისეთი სუნამოებით, როგორებიცაა Angel და Alien.
მიუგლერი 1948 წელს, სტრასბურგში დაიბადა. 14 წლისა Ballet du Rhin-ში ცეკვავდა. 1970-იან წლებში პარიზში თავისი პირველი ბუტიკი გახსნა. ტიერის პირველ პერსონალური კოლექციის ჩვენება კი 1973 წელს შედგა.
აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა მოდის სამყაროში შემეცნებითი დისონანსი გამოიწვია, მისი დიზაინით შექმნილი სამოსი სწორი სილუეტებითა და ფუტურიზმისკენ სწრაფვით გამოირჩევა.