„რეალური ცხოვრება ყველას სერიალად გადაგვექცა“ - ზურა ჯავახია სტუმრად „ვიზიტორში“

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“  სტუმარია მსახიობი და მუსიკოსი ზურა ჯავახია. ჯგუფ „არას“, „პორნოპოეზიის“ და ჯგუფ „ყველას“ ყოფილმა სოლისტმა გადაცემაში კარიერასა და გეგმებზე ისაუბრა.


შენს კარიერაზე გვესაუბრე…

„ჩემი ცოლის დაქალებში“ მუსიკალურ გაფორმებაზე ჩემი მუშაობა 2012 წელს დაიწყო, ახლა სულ მალე მაყურებელი სერიალის ახალ სეზონს იხილავს ახალი ქუდით. რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, მე ახლაც ვსწავლობ და ვიზრდები. ყველას დიდი მადლობა ვინც ამაში წვლილი შეიტანა.

ძალიან ბევრი ჯგუფი გამოიცვალე, რატომ ხდებოდა ეს?

დროსთან ერთად ინტერესები იცვლება და ხალხიც შენს გარშემო, ყველაფერი ალბათ ცვლილებაა, რომელიც გიბიძგებს, ახალი რაღაცეების კეთებას შეუდგე. მე მაინც არ მგონია, რომ ბევრი ჯგუფი იყო, თუმცა ყველა ჯგუფისგან მაგარი შეგრძნებები დამრჩა.

გვესაუბრე შენს განათლებაზე და გვითხარი, პანდემიის დროს რაიმე ახალი ხომ არ შექმენი?

თითქმის 1.5 წელია მსახიობობით ვარ დაკავებული. რაც ჩემს პროფესიას შეეხება, 2002 წელს თან სკოლაში ვსწავლობდი, თან გეპეის პირველ კორპუსში ინფორმატიკა გავიარე, ეს იყო „გავლით“, ალბათ რაღაცაში მაინც გამომადგა ეს პროფესია, თუ არ გამომადგა აქამდე, მომავალში მაინც გამოვიყენებ. შემდეგ იყო თეატრალური ინსტიტუტი, 2008 წელს. იყო საინტერესო და სახალისო, ვერ ვიტყვი, რომ ფურორი მოვახდინე, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. პირველი სპექტაკლი პირველ კურსზე დავდგით, ეს იყო „მაუგლი“, მე შერხანის როლი შევასრულე. თავიდან მიჭირდა ხოლმე გადაღებები, სულ ფორმაში ყოფნა, თუმცა ის ადამიანები, რომელთან ერთადაც ამ ყველაფერს ვაკეთებდი, ძალიან დამეხმარნენ, ჩვენ ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. გადაღებები დილის 6 საათზე იწყებოდა ხოლმე. იყო სიცილიც, იყო ცრემლიც.

ასევე მინდა ვთქვა, რომ უკვე ერთი წელი გავიდა, რაც პირველი კოვდ-19 დაფიქსირდა და ამ დროის განმავლობაში მივხვდით ყველა, რომ ურთიერთობები აუცილებელია.

შენი აზრით რატომ ვერ დადო „თესეას“ სეზონმა ისეთი რეიტინგი, როგორიც მოსალოდნელი იყო?

ალბათ იმიტომ, რომ სერიალის მიღმა, რეალური ცხოვრება ყველას სერიალად გადაგვექცა. რთულ პირობებში გვიწევდა „თესეას“ გადაღებები. მირჩევნია მუსიკა ვაკეთო და არ ვჩანდე, ასე ჩემთვის უფრო კომფორტულია. სხვათა შორის, არაერთი ახალი ჯგუფის შექმნას ვაპირებ, ასე რომ წინ სიურპრიზები გელოდებათ.

როგორც მუსიკოსი ვისთან ჩაწერდი დუეტს?

ძალიან რთული შეკითხვაა, უამრავთან ჩავწერდი. თუკი ვინმეს ჩემთან ერთად რაიმე სიმღერის ჩაწერა სურს, შემეხმიანეთ და ჩავწეროთ.

გაწუხებენ თაყვანისმცემლები?

სხვათა შორის, სოციალური ქსელიდან მხოლოდ „ინსტაგრამი“ მაქვს. ალბათ მთლად არასოციალური არ ვარ, თუმცა არც ზედმეტად სოციალური. რაღაც მომენტში მომინდა, რომ ბევრ სოციალურ პლატფორმაზე არ ვყოფილიყავი დარეგისტრირებული. ალბათ როგორიც ჩემი პერსონაჟი იყო, ისეთი ვარ მეც რეალურ ცხოვრებაში.

რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება.