LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ დაზიანებულ თმასა და ფრჩხილებს – სილამაზის აკადემია

16
show118

გადაცემის ლაივი LIVE

რა პათოლოგიები არსებობს თმასთან და ფრჩხილებთან დაკავშირებით, როგორ მოვუაროთ დაზიანებულ თმასა და ფრჩხილებს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა ხათუნა კუდავამ ისაუბრა.

რა პათოლოგიას ვხდებით ხშირად თმასთან დაკავშირებით?
ჯანსაღ თმებსა და ფრჩხილებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. მათი ცვლილებები ხშირად აღიქმება როგორც კოსმეტიკური დეფექტი და აუარესებს ცხოვრების ხარისხს. თმები და ფრჩხილები კანის დანამატებია. თმებთან დაკავშირებული პათოლოგიებიდან განსაკუთრებით აქტუალურია თმის ცვენა. არსებობს თმის ცვენის რამდენიმე ფორმა. ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც არის აუტოიმუნური დაავადება, ხშირად ასოცირებულია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებთან და სხვა ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებთან. დაავადების დაახლოებით ერთ მესამედში ვლინდება ფრჩხილის ფირფიტის პათოლოგიებიც, წერტილოვანი ჩანაჭდევების სახით.

ანდროგენული ალოპეცია, ანდროგენებით განპირობებული თმის ცვენაა გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში და ვლინდება ძირითადად თხემის არეში. ტელოგენური ალოპეცია არის თმის დიფუზური დაცვენა. იგი პირობითად შეიძლება დაიყოს მწვავე და ქრონიკულ ფორმებად. მწვავე იწყება უეცრად და გრძელდება დაახლოებით 12 თვემდე, ქრონიკული შესაძლოა დაიწყოს როგორც უეცრად, ისე თანდათან და გრძელდება 12 თვეზე დიდხანს. პაციენტისთვის ამგვარი თმის ცვენა თვალსაჩინო ხდება, როცა სავარცხელზე ან შხაპის მიღების დროს აღმოაჩენს დიდი რაოდენობით თმის ღერს.

როგორი თმის ცვენა ითვლება ნორმად?

დღის განმავლობაში 50-100 ღერი თმის დაცვენა ნორმაა. დიფუზური თმის ცვენის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს სტრესი. სტრესული მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებით ირღვევა თმის ღერის განვითარების ციკლი. ეს შესაძლოა გამოიხატოს თმის ზრდის ფაზის (ანაგენის) დაცვენის ფაზაში (ტელოგენი) სწრაფი გადასვლაში ან ზრდის ფაზის (ანაგენი) შენელებაში. ამიტომაცაა რომ ასეთი ტიპის თმის დაცვენა უპირატესად შესამჩნევი ხდება სტრესული ფაქტორის ზემოქმედებიდან დაახლოებით სამი თმის შემდეგ. მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის სტრესი, როგორიცაა მკაცრი დიეტა და წონის მკვეთრი დაკლება, მშობიარობა, ქირურგიული ჩარევები, შინაგანი პათოლოგიები და სხვა. პროგნოზი კეთილსაიმედოა, რადგან ასეთ შემთხვევებში თმის საფარველის აღდგება.

რაც შეეხება ფრჩხილების ცვლილებას, რა პათოლიოგიები არსებობს ამ კუთხით?

ფრჩხილების ცვლილებები ასაკის მატებასთან მიმართებაში მოიცავს ზერელე ხაზოვან ღარებსა და ნაპრალებს. ფრჩხილების პათოლოგიები აერთიანებს დაზიანების სხვადასხვა ფორმებს, როგორც სპეციფიკური დერმატოლოგიური პათოლოგიების შემთხვევაში (ფრჩხილების სოკოვანი დაავადებები, ფსორიაზული ფრჩხილები, ფრჩხილების დაზიანება წითელი ბრტყელი ლიქენის დროს და სხვა), ისე მავნე ჩვევებთან, ფრჩხილების ტრავმასთან და სხვადასხვა სახის დისტროფიებთან მიმართებაში. ონიქოლიზისი, ფრჩხილების დაზიანების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, შესაძლოა იყოს ფსორიაზის ერთ-ერთი ნიშანი, თუმცა ზოგჯერ ვითარდება დამოუკიდებლადაც, სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებთან კავშირში, მუდმივი მაცერაციის შედეგად ან ფარულად მიმდინარე ენდოკრინული პათოლოგიების დროს. ამ დროს ფრჩხილის ფირფიტის დაზიანებული ნაწილი იცვლის ფერს, ხდება თეთრი ან ყვითელი.

დაზიანებული ფრჩხილის სპეციფიკური მახასიათებელი, კერძოდ ფრჩხილის ფირფიტის ნაწილობრივი დაცილება ფრჩხილის საწოლიდან ქმნის თავისუფალ სივრცეს, რომელიც საუკეთესო გარემოა სხვადასხვა ტიპის სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის. ხშირია კითხვები იმასთან დაკავშირებიათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება თმის ცვენისა და ფრჩხილების დაზიანებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. პასუხი საკმაოდ რთულია, დინამიკურად მიმდინარე კვლევებისა და განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინებით. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მიკროელემენტები წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან კომპონენტს თმის ფოლიკულის ციკლის განვითარებასა და უჯრედულ განახლებაში.

რა როლი აქვს ვიტამინებს?

რაც შეეხება ვიტამინებს, მათი როლი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ვიტამინი A წარმოადგენს ცხიმში ხსნადი რეტინოიდების ჯგუფს. საკვებით, ცხოველური და მცენარეული წყაროებიდან მიღებული ფორმები არააქტიურია და აქტიური ფორმების მისაღებად საჭიროა უჯრედშიდა მეტაბოლიზმი. ეს ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, იმუნური სისტემისთვის და ზოგადად უჯრედების ზრდისა და დიფერენცირებისთვის. A ვიტამინის გადაჭარბებულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენა. თმის ცვენასთან ასოცირდება B ჯგუფის რამდენიმე ვიტამინის როგორებიცაა ბიოტინი, ფოლის მჟავა და B12 ვიტამინის დეფიციტი. ბიოტინის (B7) დეფიციტის შემთხვევებში ასევე აღინიშნება ფრჩხილების მტვრევადობაც. შეძენილი ბიოტინის დეფიციტის მიზეზები შესაძლოა იყოს მალაბსორბციის მდგომარეობა, ალკოჰოლიზმი, ორსულობა, სხვადასხვა სახის მედიკამენტების მიღება. ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ასევე ასოცირდება თმისა და ფრჩხილების ცვლილებებთან. რაც შეეხება ვიტამინ B12, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადად დნმ-ის სინთეზში, ნევროლოგიური ფუნქციებთან მიმართებასა და სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაშიც. ვიტამინი C ზოგადად არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მისი უშუალო კავშირი თმის ცვენასთან მიმართებაში ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა განიხილება იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს აქვს რკინის დეფიციტი. ვიტამინი C მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებში რკინის შეწოვის პროცესში. ვიტამინი D ხელს უწყობს კანისა და მისი დანამატებისთვის მნიშვნელოვანი უჯრედების სტიმულაციის პროცესს, კერატინოციტების ზრდასა და დიფერენცირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები