LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ინექციური პროცედურებია გაზაფხულზე რეკომენდებული – სილამაზის აკადემია

23
ნანა-ხაზარაძე

რა შეუნარჩუნებს ჩვენს კანს სიჯანსაღესა და ახალგაზრდობას, რომელი ინექციური პროცედურებია გაზაფხულზე რეკომენდებული –  ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა-კოსმეტოლოგმა, ნანა ხაზარაძემ ისაუბრა.

რა იწვევს კანის დაბერებას?

კანის დაბერება ბიოლოგიური პროცესია. არსებობს როგორც გარე დაბერება, ასევე შინაგანი. რა თქმა უნდა დაბერების პროცესს წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ გარე დაბერების პრევენცია შესაძლებელია კოსმეტოლოგიური პროცედურებით. გარე დაბერებას იწვევს გარე ფაქტორები, ძალიან მოქმედებს მზის სხივები, ასევე აქტიური მიმიკა, სტრესი, არასაკმარი ძილი და თქვენ წარმოიდგინეთ ძილის პოზაც. ხშირად ნაოჭიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა პოზაში სძინავს ადამიანს.  რაც შეეხება კანის შინაგანი დაბერების პროცესს, მას ძირითადად გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს.  ამ სახის დაბერებას ახასიათებს სახეზე ნაოჭების, ღარების გაჩენა, კანის ჩამოშვება, სიმშრალე, ჩავარდნები გარკვეულ ადგილებში და ასევე ასაკობრივი ლაქები.

რა პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული გაზაფხულზე?

ჩვენი სახის კანს წელიწადის ნებისმიერი დროს სჭირდება მოვლა, დატენიანება, რა თქმა უნდა როგორც სახლის პირობებში ასევე კლინიკაში. ასეთ დროს ძალიან ეფექტურია ბიოსტიმულაცია ანუ ბიორევიტალიზაცია.  კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა შეიცავს ჰიალურონის მჟავას. მაგრამ კანის ზედაპირზე წასმისას ის ღრმად ვერ აღწევს,  ბიორევიტალიზაციისას კი ჰიალურონის მჟავა ეპიდერმისისა და დერმის ღრმა შრეებში შედის და უჯრედულ დონეზე მოქმედებს: ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის რეგენერაციას, აუმჯობესებს უჯრედშორისი ნივთიერების შემადგენლობას, რომელიც კვებავს და ატენიანებს კანს. პროცედურის შედეგად კანის სტრუქტურა ჯანსაღდება, მკვრივდება და ტენიანდება, კანქვეშა ქსოვილები მდიდრდება ჰეალურონის მჟავით, რომლის დახმარებითაც ხდება კანის ლიფტინგი, ლაგდება წვრილი ნაოჭები და კანი ხდება ერთგვაროვანი, უბრუნდება ჯანსაღი ფერი. პროცედურა ტარდება კანის ნებისმიერ უბანზე: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელი. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია 30 წლის შემდეგ, თუმცა მანამდეც შესაძლებელია მისი ჩატარება პროფილაქტიკის მიზნით.  მიღებული შედეგის შენარჩუნების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის ბიოლოგიურ ასაკზე, ორგანიზმის მიერ ჰიალურონის მჟავას ხარჯვის ტემპზე. რაც შეეხება უკუჩვენებებს, ესენია:  ჰიალურონის მჟავას ინდივიდუალური აუტანლობა; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;  ავთვისებიანი სიმსივნეები; აუტოიმუნური დაავადებები; კელოიდური ნაწიბურები.

კანის დატენიანებისთვის ასევე ძალიან კარგია ბუსტერის პროცედურის ჩატარება. ბიორევიტალიზაციის და ბუსტერის პროცედურების ჩატარებისას კანის ტონუსი იზრდება, მაგრამ ზოგადად მიმიკური  ნაოჭების მოსაშორებლად უფრო ეფექტური კონტურული პლასტიკა, იგივე ფილერი და ბოტულინოთერაპია.  

რა გართულებები შეიძლება ახლდეს ბოტულინოთერაპიას?

ბოტულინოთერაპია, იგივე ბოტოქსი კანის გაახალგაზრდავების საუკეთესო მეთოდია. ბოტულინოტოქსინი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატია.
პროცედურა კეთდება უმეტესად  შუბლის ზონასა და თვალების ნაოჭზე, ასევე წარბებს შორის, კისრის ნაოჭებზე და სახის ოვალზეც. პროცედურის შედეგი 4-დან 6-თვემდე გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე.  ხშირად ამბობენ, რომ ბოტოქსი სახის გაშეშებას იწვევს. დღეს ეს მოსაზრება წარსულს ჩაბარდა, პროცედურა საშუალებას გვაძლევს დავაკორექტიროთ ნაკვთები ისე, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრიობა.

პროცედურის ჩატარების შემდეგ ინარჩუნებს ადამიანი ბუნებრიობას. ზოგადად ადრეულ ასაკში ბოტოქსის ინექცია თავიდან აგვაცილებს  მიმიკური ნაოჭების განვითარებას, განსაკუთებით მათ ვინც აქტიურ მიმიკას იყენებს.  პროცედურა თითქმის უმტკივნეულოა, მისი დასრულების შემდეგ შეიძლება შეიმჩნეოდეს უმნიშვნელო სიწითლე. არ არის რეკომენდებული პროცედურის შემდეგ საუნა, სოლარიუმი, ცხელი წყლის აბაზანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები