LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა ზაფხულში კანის წმენდის პროცედურის ჩატარება – სილამაზის აკადემია

32
nana

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში, არის თუ არა სახის წმენდის პროცედურა რეკომენდებული ამ სეზონზე და ზოგადად რატომ არის ამ პროცედურის ჩატარება აუცილებელი – ამ საკითხების შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ექიმი-კოსმეტოლოგი ნანა ხაზარაძე ისაუბრებს.

საზოგადოებაში სახის წმენდის პროცედურასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცედურის ჩატარება?

კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ზაფხულში. ამ დროს კანის ეპიდერმისიდან წყლის საკმაოდ დიდი რაოდენობა ორთქლდება და შემდეგ ეს იწვევს კანის სიმშრალეს. სიმშრალის არსებობის პირობებში კი იმატებს ქავილის შეგრძნება და დაზიანებული უბნების ინფიცირების რისკი.

სახის წმენდისას ვასუფთავებთ კანის ზედაპირს, ვაშორებთ კანს მკვდარ უჯრედებს, ზედმეტ ცხიმებს. ეს იმისთვის არის რომ საჭირო, რომ სახის კანმა გასუფთავების შემდეგ საჭირო რაოდენობით მიიღოს ჟანგბადი, რომელიც თავის მხრივ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სახის ღრმა წმენდა ტარდება ყველა ტიპის კანზე: მშრალ, ცხიმიან და კომბინირებულ კანზე. პროცედურის დროს პირველ ეტაპზე ტარდება დემაკიაჟი ანუ სახეს ვაშორებთ მაკიაჟს, მტვერს, ვასუფთავებთ ზედაპირული ჭუჭყისგან. შემდეგი ეტაპი უკვე ექსფოლაცია ანუ მსუბუქი პილინგი, რომლის დახმარებითაც კანს მსუბუქად, სკრაბის სახით ვაშორებთ მკვდარ უჯრედებს, ეს გვეხმარება იმაში, რომ წმენდის პროცედურა ჩავატაროთ ადვილად, უმტკივნეულოდ. შემდეგი ეტაპი უკვე ფორების გახსნა-გასუფთავებაა.

ხშირ შემთხვევაში ადამიანების სწორედ ფორების გახსნის გამო ერიდებიან წმენდის ჩატარებას, რადგან ფიქრობენ რომ პროცედურის შემდეგ არ ხდება ფორების სათანადოდ დახურვა და ეს მომავალში ბევრ პრობლემას შეუქმნის. რას იტყვით ამის შესახებ?

თუ აკნე აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში წმენდის ჩატარებისგან, რადგან არ მოჰყვეს გართულება, თავს ვიკავებთ. რაც შეეხება ფორების გახსნას, დღეს არსებობს მაღალი ხარისხის პროდუქციები, კრემები, ნიღბები, რომლის დახმარებითაც ძალიან ადვილად იხსნება და იხურება ფორები. ფორების გახსნა საჭიროა იმისთვის, რომ კარგად გასუფთავდეს სახის კანი. ფორების დახურვა რა თქმა უნდა აუცილებელია პროცედურის დასრულებისას, რადგან ის გართულებები რომელზეც თქვენ მეკითხებოდით, თავიდან ავიცილოთ. სწორად ჩატარებული წმენდა პირიქით სახის კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და გართულებებიც არ მოჰყვება.

ასევე არ მოსწონთ პაციენეტბს კოვზით წმენდა. რა შემთხვევაშია კოვზით წმენდა რეკომენდებული?

უსაფრთხოა კოვზით წმენდა, მთავარია სწორად ჩატარდეს პროცედურა. იმ შემთხვევაში თუ კანი ღრმად არის დაბინძურებული, არის შავი წერტილები (კომედონები), ასეთ დროს კოვზით წმენდა რეკომენდებულია და ალტერნატივა არ გააჩნია, გარდა მექანიკური, ხელით წმენდისა. წმენდის დროს ასევე ვიყენებთ ულტრაბგერას, რომელიც კანს ზედაპირულად ასუფთავებს, აშორებს მკვდარ უჯრედებს. ზოგადად წმენდის პროცედურის შემდეგ სახის კანი ცოცხლდება, ტენიანდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, როგორც უკვე აღვნიშნე სახის კანს მიეწოდება საჭირო რაოდენობით ჟანგბადი. დაბინძურებული კანი ვერ სუნთქავს და ეს კი საბოლო ჯამში იწვევს ბევრ პრობლემას, მათ შორის ნაადრევ დაბერებას. ძალიან მნიშვნელოვანი წმენდის პროცესში ჩავრთოთ სპეციალური ნიღბები. იმ შემთხვევაში თუ კანი მშრალია, მაშინ ვიყენებთ დამატენიანებელ ნიღბებს, რომ კანი დატენიანდეს. ცხიმიანი კანის შემთხვევაში უმჯობესია პილინგის პროცედურა, რომ მოვაშოროთ სახის კანს ზედმეტი ცხიმი, რაც თავისთავად ქმნის პრობლემას, იწვევს სხვადასხვა გართულებებს.

როდის არის წმენდის პროცედურის ჩატარება რეკომენდებული და რა ინტერვალით?

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია კანის სტრუქტურა, მდგომარეობა და ამის მიხედვით ვუნიშნავთ პაციენტს მკურნალობასა და პროცედურების სიხშირეს. ზოგადად რეკომენდებულია წმენდის ჩატარება წელიწადში ერთხელ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს გართულებებს, როგორიც არის კანის სიმშრალე, სიღრმისეული კომედონები, მაკიაჟის ხშირი ხმარება, მაშინ უმჯობესია წელიწადში ორჯერ ჩატარდეს წმენდის პროცედურა. წმენდის გარდა არსებობს ასევე სახის კანის მოვლის პროცედურები, ესენია პილინგები (რომელიც არ ტარდება ცხელ სეზონზე), დამატენიანებელი ნიღბები, კრემები, მათი გამოყენება და ასეთი პროცედურის ჩატარება, განსაკუთრებით მშრალი კანისთვის რეკომენდებულია მინიმუმ ორ თვეში ერთხელ. ასევე შეიძლება ჩატარდეს სახის კანის მოვლის პროცედურა კურსის სახით. ინტერვალებს პროცედურებს შორის და რაოდენობას, ექიმი განსაზღვრავს კონსულტაციაზე სახის კანის მდგომარეობიდან გამომდინარე. ღრმა წმენდის პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდებული ზაფხულის ცხელ დღეებში. ასეთ დროს ჯობია თავის შევიკავოთ.

როგორ ავირიდოთ ზაფხულში კანის გამოშრობა თავიდან?

იმისათვის, რომ ამის პრევენცია მოვახდინოთ უნდა მოვერიდოთ სიცხეში დიდხანს ყოფნას, მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და აქტიურად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი და დამატენიანებელი საშუალებები, რათა შევინარჩუნოთ კანზე არსებული ბალანსი. რა თქმა უნდა უნდა დამატენიანებელი საშუალებები სწორად უნდა იყოს შერჩეული, კარგია თუ ამ კუთხით კონსულტაციას გაივლით ექიმთან.

რა პროცედურებია რეკომენდებული ზაფხულის ცხელ დღეებში, რომ არ გამოშრეს ჩვენი სახის კანი?

ძალიან კარგია ზაფხულს მომზადებული სახის კანით შევხვდეთ. მაგრამ თუ ვერ მოასწარით სათანადო პროცედურების ჩატარება, ივნისი სწორედ მშვენიერი დროა იმისთვის, რომ ჩავიტაროთ სხვადასხვა დამატენიანებელი პროცედურები. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის ბიორევიტალიზაცია ან ბუსტერი, ასევე მეზოთერაპია. ანუ კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეირჩევა თქვენთვის საჭირო პროცედურა. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ვიხმაროთ სწორად შერჩეული დღის და ღამის დამატენიანებელი კრემები, განსაკუთრებით რუჯის მიღების შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რუჯის მიღებამდე ვიხმაროთ დამცავი სპრეი, მინიმუმ 20-30 SPF -ით, რომელიც ჩვენს კანს დაიცავს ლაქების გაჩენისგან, დამწვრობისგან და პლუს კანს დაატენიანებს. ასევე არ დაგავიწყდეთ რუჯის მიღების შემდეგ როგორც სახეზე, ასევე ტანზე დამატენიანებელი კრემების, ლოსიონების წასმა.

როგორი უნდა იყოს ზაფხულში, სახლის პირობებში თავის მოვლის რუტინა?

დილით აუცილებელია სახის კანის გასუფთავება სპეციალური ტონიკით, რძით, ლოსიონით, რა თქმა უნდა კანის სტრუქტურიდან გამომდინარე. შემდეგ კარგად გასუფთავებულ კანზე უნდა დავიტანოთ შრატი, შრატის შემდეგ კი გამოვიყენოთ დამატენიანებელი კრემი. ძალიან მნიშვნელოვანი თვალის ირგვლივ არსებული კანზე ზრუნვაც, რადგან საკმაოდ თხელი კანია და ადრეულ ასაკში სჭირდება დატენიანება, რომ არ ჩამოყალიბდეს ნაოჭი. რაც შეეხება საღამოს რუტინას, ძილის წინ აუცილებელია, დაძინებამდე ორი საათით ადრე, სახის გასუფთავება სპეციალური ტონიკით, რძით, ლოსიონით, ჩვენი კანის სტრუქტურიდან გამომდინარე, შემდეგ უნდა დავიტანოთ შრატი და ბოლოს ვიხმაროთ დამატენიანებელი კრემი. ზამთარში ჯობია დამატენიანებლის მაგივრად მკვებავი კრემის გამოყენება. გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული თავის მოვლის რუტინა, ასევე ექიმის მიერ სწორად შერჩეული პროცედურები, თავიდან აგარიდებთ ნაადრევ დაბერებასა და სხვა პრობლემებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები