გიორგი დობორჯგინიძე

100
14956490_1821608191385825_4896944012472716907_n

რადიო „ფორტუნას“ დიჯეი, გიორგი დობორჯგინიძე ამ რადიოს წამყვანებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. 15 წლის ასაკში პირველი სამსახური მშობლიურ ფოთში დაიწყო, შემდეგ რეგიონულ ტელევიზიაშიც გადაინაცვლა. ამბობს, რომ რადიო „ფორტუნაში“ მუშაობით დიდი ხნის სურვილი აისრულა… რადიოწამყვანობის პარალელურად, ის ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობს და აღნიშნავს, რომ ფინანსური სარგებლის გარდა, ეს საქმიანობა სიამოვნებასაც ანიჭებს.

გიორგი დობორჯგინიძე:

„ფორტუნაში“ ყველაზე პატარა ვარ, 24 წლის (იღიმის). პირველი სამსახური 15 წლის ასაკში, რადიო „ჰარმონიაში“ დავიწყე, შემდეგ რეგიონულ ტელევიზიაში გადავინაცვლე, სადაც ღამის მუსიკალური გადაცემა მიმყავდა. ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და წამოვედი თბილისში. სწავლების მეორე კურსიდან ვმუშაობდი რადიო „პოზიტივში“, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ გავიგე, რომ რადიო „ფორტუნამ“ დიჯეების კასტინგი გამოაცხადა. რეკომენდაცია გამიწია ჩემმა მეგობარმა, ტატაშკამ (ტატიანა გვენეტაძე). მოვედი და ჩავწერე ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ გოგო დიჯეის ეძებდნენ, რადიოს მენეჯერმა, ნატა ხარაშვილმა მაინც ამიყვანა სამსახურში (იცინის). ორ კვირაში უკვე ეთერში ვიჯექი. ზუსტად მახსოვს დღე, როცა პირველი ეთერი მქონდა – ეს იყო 5 სექტემბერს. ეს დღე „ფეისბუქზეც“ მონიშნული მაქვს.

ყოველთვის მინდოდა „ფორტუნაში“ მუშაობა. რადიოსივრცეში ეს მწვერვალია. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანი არ მჯეროდა, რომ აქ დავიწყე მუშაობა. ყველაზე დიდი სკოლაა რადიოებს შორის. ეს ჰოლდინგი ნომერი პირველია საქართველოში. ჰყავს ძალიან დიდი რაოდენობის ერთგული მსმენელი.

 

ვიცი, რომ მიმტანად მუშაობ…

სანამ „ფორტუნაში“ დავიწყებდი მუშაობას, გარკვეული პაუზა მქონდა. ჯერ „სახლში“ დავიწყე მიმტანობა, მანამდეც მქონდა ამ პროფესიაში გამოცდილება, შემდეგ კი „სახლი“ დაიხურა და გადავედი „არტ-კაფე „ჰოუმში““, სადაც დღემდე ვმუშაობ. ვთვლი, რომ ეს ჩემი მეორე ოჯახია, რადგან აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მიმტანობასა და ჟურნალისტიკას აქვს საერთო – ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, იცნობ და უმეგობრდები.

ოცნებობ რამეზე?

როცა დამოუკიდებლად იწყებ ცხოვრებას, ხვდები, რომ გზად ბევრი სირთულე შეგხვდება. დღესდღეობით, რთულია სადმე დიდ ორგანიზაციაში მიგიღონ, გქონდეს სამსახური საკუთარი პროფესიით, გიყვარდეს ის და აკეთებდე იმას, რაც სიამოვნებას განიჭებს. ვფიქრობ, მე ეს გამომივიდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემ მშობლებს, რომელთაც დამოუკიდებელ და მიზანდასახულ პიროვნებად ჩამომაყალიბეს. დღემდე ჩემი დიდი გულშემატკივარი და წარმატებების თანამოზიარეა ბებო.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და ისევ ჩემ პროფესიას უკავშირდება. სიამოვნებით ვიმუშავებდი ტელევიზიაში, კერძოდ კი დილის გადაცემის წამყვანად ან საინფორმაციოში. როგორც უკვე აღვნიშნე, ადრეც მიმუშავია ტელევიზიაში და საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე. ახლა, მინდა, რომ ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური იყოს…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები