არსებობს ფილმები, რომლებსაც მხოლოდ გასართობად ვუყურებთ. ზოგ მაყურებელს მძაფრსიუჟეტიანი და დაძაბული ფილმები ხიბლავს, ზოგს რომანტიკული კომედიები, ზოგს დრამები, ზოგი კი უპირატესობას ალტერნატიულ სამყაროებსა და ზღაპრულ მხარეებში მოგზაურობას ანიჭებს. თუმცა არსებობს ფილმი შედევრები, რომლებიც ნებისმიერი ჟანრის მოყვარულებს მოსწონთ. ისინი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ არა მხოლოდ მაყურებელზე, არამედ სხვა კინოხელოვანებზეც.

fortuna.ge გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ იმისათვის, რათა ბოლომდე დატკბეთ კინოხელოვნების შესაძლებლობებით.

,,გაქცევა შოუშენკიდან” – The Shawshank Redemption (1994)

IMDB – 9.3

რეჟისორი: ფრენკ დარაბონტი

როლებში: ტიმ რობინსი, მორგან ფრიმენი

ფილმი სტივენ კინგის ნაწარმოების ადაპტაციაა. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა ბანკირი, ენდი დურფენსია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის მიუხედავად იმისა, რომ იგი ბოლომდე უარყოფდა დანაშაულის ჩადენას. იგი ციხეში ელის რედინგს დაუმეგობრდება, რომელსაც ასევე სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

 „ნათლია“ – The Godfather (1972)

IMDB – 9.2

რეჟისორი: ფრენსის ფორდ კოპოლა

როლებში: მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო, ჯეიმს კაანი, დაიან კიტონი

ოსკაროსანი ფილმი მარიო პიუზოს 1969 წლის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა და კორლეონეების კრიმინალური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. „ნათლია“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიიჩნევა. 1972 წლის ფილმის განუზომელმა პოპულარობამ განაპირობა ფილმის ორი სიქველის გადაღება. ნათლია 2 ” 1974, ხოლო  “ნათლია 3” 1990 წელს გამოვიდა.

„ფორესტ გამპი“ / Forrest Gump (1994)

IMDB – 8.8

რეჟისორი: რობერტ ზემეკისი

როლებში: ტომ ჰენკსი, რობინ რაიტი

ფილმი უინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და  მთავარი გმირის, ფორესტ გამპის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე მოგვითხრობს. ფილმის დასაწყისში ფორესტ გამპი ავტობუსის გაჩერებაზე ზის და თავისი ცხოვრების შესახებ უყვება ადამიანებს, რომლებიც ავტობუსს ელოდებიან. „ფორესტ გამპმა“ 5 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის მთავარ ნომინაციებში: ,,წლის ფილმი”, ,,საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” და ,,საუკეთესო რეჟისორი”. აღსანიშნავია, რომ „ფორესტ გამპის“ მეტოქეები 1995 წლის დაჯილდოვებაზე ისეთი ფილმები იყო, როგორებიცაა „გაქცევა შაუშენკიდან“ და „კრიმინალური საკითხავი“ („მაკულატურა“).

„კრავთა დუმილი“ / The Silence of the Lambs (1991)

IMDB – 8.6

რეჟისორი: ჯონათან დემი

როლებში: ენტონი ჰოპკინსი, ჯოდი ფოსტერი

ტომ ჰარისის ამავე სახელწოდების ნაწარმოების  ეკრანიზაცია, ფსიქოლოგიური თრილერი „კრავთა დუმილი“ მოგვითხრობს სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლექტერის და FBI-ის ახალგაზრდა აგენტის, კლარისა სტერლინგის შესახებ. იმისათვის, რათა სერიული მკვლელების ფსიქოლოგიას ჩაწვდეს, კლარისა ჰანიბალ ლექტერს აკითხავს ციხეში, სადაც იგი სერიული მკვლელობებისა და კანიბალიზმისათვის იხდის სასჯელს.

 „პიანისტი“ / The Pianist (2002)

IMDB – 8.5

რეჟისორი: რომან პოლანსკი

როლებში: ედრიან ბროუდი, ტომას კრეჩმანი, ფრენკ ფინლი

ფილმის მთავარი პერსონაჟი პოლონელი ებრაელი პიანისტი, ვლადისლავ შპილმანია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავაში იმალებოდა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. ფილმი რეალურ მოვლენებს, თავად შპილმანის მოგონებებს ეფუძნება. „პიანისტს“ მოგებული აქვს სამი „ოსკარი“ საუკეთესო ფილმის, მსახიობის და ადაპტირებული სცენარისათვის.

 „ხელშეუხებელნი“ / Intouchables (2011)

IMDB – 8.5

რეჟისორი: ოლივერ ნაკაში

როლებში: ფრანსუა კლუზე, ომარ საი

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ორი ადამიანის მეგობრობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ვერასოდეს შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ არა უბედური შემთხვევა, რომლის შემდეგაც არისტოკრატი ფილიპე პოზო დი ბორგო სავარძელს მიეჯაჭვა. ფილიპე გადაწყვეტს დამხმარედ ახალგაზრდა კაცი, აბდელ სელუ აიყვანოს…

,,ფსიქო – Psycho (1960)

IMDB – 8.5

რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი

როლებში: ენტონი პერკინსი, ჯენეტ ლი, ვერა მაილსი

ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოლოგიური თრილერი რეალურად არსებული სერიული მკვლელის, ედ გეინის ისტორიას ეფუძნება და რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრადაა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შექმნიდან უკვე 60 წელი გავიდა, „ფსიქო“ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე „საშიშ“ საშინელებათა ფილმად ითვლება და ჟანრის კლასიკას წარმოადგენს.

 „ბავშვი“ – The Kid (1921)

IMDB – 8.3

რეჟისორი: ჩარლი ჩაპლინი

როლებში: ჩარლი ჩაპლინი, ედნა პურვინსი

ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა ყველას აჩვენა, რომ მისი სამსახიობო უნარები მხოლოდ კომედიით არ შემოიფარგლებოდა. ფილმი ჩაპლინის ცნობილი გმირის, მაწანწალას და უსახლკარო ბავშვის მეგობრობაზე მოგვითხრობს.

 „კოსმოსური ოდისეა 2001 – 2001: A Space Odyssey (1968)

IMDB – 8.3

რეჟისორი : სტენლი კუბრიკი

როლებში : კეირ დულეა, გარი ლოკვუდი, უილიამ სილვესტრი, ლეონარდ როსიტერი

მიუხედავად იმისა, რომ  სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დამაჯერებელ სპეც-ეფექტებს, რომელთა შექმნაც ჩვენს დროში გაცილებით იოლია, ხოლო „კოსმოსური ოდისეა“ 52 წლის წინ გადაიღეს, სტენლი კუბრიკის შედევრი დღემდე რჩება ჟანრის მოყვარულთა ერთ-ერთ საყვარელ ფილმად. „კოსმოსური ოდისეა“ ფანტასტი მწერლის, ართურ კლარკის მოთხრობა „გუშაგზეა“ დაფუძნებული და ჟანრის კანონების შესაბამისად ეხება სხვა პლანეტებს, იქ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას, ტექნოლოგიების განვითარებას და  ხელოვნურ ინტელექტს.

,,რვანახევარი“ – 8½ (1963)

IMDB -8.0

რეჟისორი: ფედერიკო ფელინი

როლებში: მარჩელო მასტროიანი, კლაუდია კარდინალე, ანუკ ემე, სანდრა მილო

ფედერიკო ფელინის შედევრი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაა მიჩნეული და იტალიელი რეჟისორის, გიდო ანსელმის (მასტროიანი) შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც შემოქმედებითი კრიზისი აქვს. „რვანახევარი“ „ოსკარის“ ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც ორში გაიმარჯვა. ფილმმა ოქროს ქანდაკებები საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის და კოსტუმების საუკეთესო დიზაინისათვის მიიღო.

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05