ჟანგბადით სავსე გარემო, სიწყნარე, სიმწვანე, წიგნი, ჰამაკი და ბებია, რომელიც შენზე ზრუნავს – ალბათ, ეს ჩამონათვალი ყველაზე მეტად ასოცირდება სოფელში დასვენებასთან. საქართველო კი რომ სავსე და მდიდარია ულამაზესი სოფლებით, როგორც მთაში, ისე ბარად – ამაზე არავინ კამათობს.

უნიკალური ბუნებისა და სტუმართმოყვარე ადგილობრივების წყალობით, არა მარტო შიდა ტურისტებს, ქართული სოფლები უცხოელ დამსვენებლებსაც აქტიურად იზიდავს.

ამჯერად, „ფორტუნა“ თქვენს ყურადღებას საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მდებარე რამდენიმე სოფელზე შეაჩერებს. გთავაზობთ 10 ქართული სოფლის ჩამონათვალს, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არც კი გსმენიათ. არ იქნება ურიგო, თუ მათ ამ ზაფხულს ეწვევით კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოშის“ ფარგლებში.

ცნობისთვის, საქართველოში 1981 წლის მონაცემებით 4500 სოფელია. ახალი მონაცემებით კი, კონფლიქტური რეგიონების გაუთვალისწინებლად, საქართველოში 3668 სოფელია.

მაშ ასე, ტოპ-10 ქართული სოფელი „ფორტუნასგან“:

ვესტომთა – ეს არის თუშეთში, კერძოდ გომეწრის ხეობაში მდებარე ულამაზესი სოფელი. როგორც იცით, თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი, რომელიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთლია და მასზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.

ბუხურთა – გომეწრის ხეობაში, ანუ თუშეთში მდებარე კიდევ ერთი თვალწარმტაცი სოფელი, რომელიც ბევრი დადებითი ემოციითა და ფერადი მოგონებებით აგავსებთ.

ცოკალთა – ესეც თუშური სოფელია, რომელიც წელს აუცილებლად უნდა ნახოთ. ის ჭანჭახოვანის ხეობაში მდებარეობს.

ტიტაეს უკვე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 135 ადამიანი.

შკედი – ულამაზესი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი და მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს მდებარე ეს უნიკალური სოფელი, ლენტეხიდან 40 კმ-ში მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 140 ადამიანი.

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, რომელიც გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში მდებარეობს. ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია. ის მდიდარია წიწვიანი ტყეებით და მდინარეებით. აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა  და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.

იჯარეთი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1260 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. სოფელი ცნობილია აქ მდებარე XIII საუკუნის იჯარეთის მონასტერით.

ზენამხარი (ყოფილი ბეჟაანთკარი) — ეს არის საზაფხულო სოფელი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ მცხეთა-მთიანეთში მდებარეობს. აქ მარტივად მოხვდებით თიანეთიდან – დაშორებულია 14 კილომეტრით.

ზეგანი — სიმწვანეში ჩაფლული რამდენიმე სახლი და უზარმაზარი მთები. ზეგანი მესტიასთან ახლოს მდებარეობს.

ჟამუში — კიდევ ერთი სვანური სოფელი, ასევე ახლოს მესტიასთან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 25 ადამიანი ცხოვრობდა. სავარაუდოდ, დღეს მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირებულია.

ცნობისთვის, ფოტოების დიდი ნაწილი აღებულია ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები