LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა და რუსეთის უფრო კარგად დანახვა რომ ყოფილიყო, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება: პრეზიდენტი

150
Untitled design (5)

“შეიძლება ვიფიქროთ, 2008 წელს, რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, რუსეთის უფრო კარგად დანახვა, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება, რაც იყო ის არის”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და გამოვაცხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ერთიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ:

“მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ქალბატონო ელჩო, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია 30 წელი. 30 წელი ეს არის ერთი თაობა. 30 წელია, რაც ამერიკა ყველანაირად გვერდში გვიდგას.

მე ვეთანხმები იმას, რაც ახლა ითქვა, რომ ვიღაცები ცდილობენ გაავრცელონ არასწორი, ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება სხვა ღირებულებები გვქონდეს, შეიძლება ეს არ იყოს ჩვენი უძველესი კულტურის შესატყვისი, მაგრამ ის თანადგომა, მხარდაჭერა, ამერიკის პოლიტიკა რაც იყო და არის ჩვენს მიმართ ფასდაუდებელია და ამას ჩვენ უნდა ვაფასებდეთ. ჩვენც, ჩვენი მხრიდან ამერიკისთვის ვიყავით სანდო მეგობარი, პარტნიორი, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო, ეს იქნებოდა ავღანეთი თუ ერაყი.

შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება – რაც იყო, ის არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ჩვენი მთლიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ.

რამეთუ, უკრაინელები დღეს იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის და ასევე იბრძვიან ყველას თავისუფლებისთვის და იბრძვიან ხვალინდელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი მსოფლიო იქნება სხვა.

ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი მსოფლიო იქნება სხვა. როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, ხვალინდელი ევროპა, როგორი იქნება ამერიკის ხვალინდელი ჩართულობა ამ ახალ ვითარებაში – ამას დღეს ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება ერთი რამ დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხვალინდელი მსოფლიო არასდროს იქნება ის, რაც აქამდე იყო და ეს უდავოდ არის უკრაინელების დამსახურება.

ამიტომ, დღეს, თუ ჩვენ შეგვიძლია აქ ვთქვათ, რა გვინდა, გვინდა კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა! დღეს, ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება და იქ მიმდინარეობს უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრები, კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ამას ჩვენ ჩვენთვის არ ვითხოვთ, მაგრამ რეალურად ჩვენთვისაც ვითხოვთ. ვითხოვთ მათთვისაც და დანარჩენი ევროპისთვისაც. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და პერიოდი, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დავინახოთ, ყველა უნდა ვიდგეთ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ. ყველას არ შეუძლია ერთნაირად გამოხატოს ეს სოლიდარობა.

არიან პატარა და დიდი ქვეყნები, არიან სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობაში მყოფი ქვეყნები. ვიცით, ჩვენ არ გვიცავს მე-5 მუხლი. ჩვენი მისწრაფებაა,რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეიძლება უფრო გამბედავი იყო, უფრო სხვანაირად გამოთქვა შენი ხედვა და მხარდაჭერა,მაგრამ სოლიდარობა ყველას გვევალება და ყველანი სოლიდარული ვართ დღეს უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მათ მადლობას ვუხდით, მადლობას ვუხდით ამერიკის სახელმწიფოს მთელი ამ წლებისთვის, მისი პოლიტიკისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით მიმართვის დროს ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ერთხელ უკვე იყო ამერიკის პრეზიდენტი და დროა, რომ ეს გავიმეოროთ:

“საქართველოში დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. ქართველი ხალხი ელოდება იმას, რომ აქ მაღალი დონის ვიზიტორები ჩამოვიდნენ, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ ის როგორც არცერთი სხვა ქვეყნის და მე მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, რომ ჩვენი ურთიერთობები მრავალი წელი გაგრძელდეს და კიდევ უფრო მჭიდრო იყოს. მინდა, უკრაინას ვუსურვო, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რადგან მისი გამარჯვება ჩვენი, ყველას გამარჯვება იქნება. გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, დიდება უკრაინას!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g