პანდემიის გამო დახურული კინოდარბაზების და გადადებული პრემიერიების შემდეგ კინომოყვარულები სრულიად განსხვავებულ 2021 წელს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინის შემოსვლის ზუსტი თარიღიც არ ვიცით, მაინც შეგვიძლია კინოთეატრებში დაბრუნებაზე ვიოცნებოთ და დაველოდოთ წლის ყველაზე საინტერესო პრემიერებს, რომლებსაც მსოფლიო სულმოუთქმელად ელის…

ფილმები, რომლებსაც ყველაზე მეტად ველით (ნაწილი II)

,,კრუიზი ჯუნგლებში“ / Jungle Cruise

რემიერის თარიღი: 30 ივლისი

„დისნეილენდის“ თემატიკური გასართობი პარკით  შთაგონებული ფილმის მოქმედება 1900-იან წლებში ვითარდება. ველური ბუნების  მკვლევარი ლილი ჰოუტონი  ამაზონის ჯუნგლებში მითიური ხის საპოვნელად მიემგზავრება, რომელსაც  გადმოცემის თანახმად  ჯადოსნური სამკურნალო თვისებები აქვს. ლილის, მის ძმას მაკგრეგორს და პატარა საკრუიზო გემის კაპიტანს, ფრენკს წინ სახიფათო თავგადასავალები ელით…

თვითმკვლელთა რაზმი 2 “ / Suicide Squad 2

პრემიერის თარიღი:  6 აგვისტო

DC კომიქსის 2016 წლის ფილმის “თვითმკვლელთა რაზმის“ გაგრძელება – ბოროტმოქმედების ცნობილი რაზმი, რომელსაც  საიდუმლო სამთავრობო ორგანიზაციის მეთაური, ამანდა უოლერი ხელმძღვანელობს, მორიგ სახიფათო მისიაზე მიემგზავრება…

წმინდანები ნიუ არკიდან“ / The Many Saints of Newark

პრემიერის თარიღი:  24 სექტემბერი

საკულტო სერიალის, “სოპრანოს კლანის”  სრულმეტრაჟიანი პრიქველი ტონი სოპრანოს განგსტერად ქცევის  ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მოვლენები 1960-იან წლებში ქალაქ ნიუ არკში ვითარდება…

დიუნი“ / Dune

პრემიერის თარიღი:  1 ოქტომბერი

სათავგადასავლო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებისათვის წლის მთავარი ფილმი სწორედ “დიუნია“, რომელიც ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების საგას ეფუძნება. მოვლენები ძალიან შორეულ მომავალში ვითარდება, როდესაც ადამიანთა რასა იმდენად განვითარებულია, რომ ისინი ვარსკვლავთშორის ცივილიზაციას ქმნიან და უამრავ პლანეტაზე ცხოვრობენ. ახალგაზრდა არისტოკრატი პოლ ატრეიდესი სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პლანეტაზე – არაკისზე მიემგზავრება, რათა თავისი ოჯახის და ხალხის უკეთეს მომავალზე იზრუნოს…

მორბიუსი“ / Morbius

პრემიერის თარიღი:  8 ოქტომბერი

ექშენ-ჰორორის ჟანრის ეს საინტერესო ფილმი ახალგაზრდა მეცნიერის, მაიკლ მორბიუსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სისხლის იშვიათი დაავადებით იტანჯება. მორბიუსი  განკურნებას ღამურების დახმარებით გადაწყვეტს, თუმცა ექსპერიმენტი მთლად ისე არ დასრულდება, როგორც ამას მეცნიერი გეგმავდა – ის ვამპირად იქცევა და წარმოუდგენელ ძალასთან ერთად წყევლას- ადამიანის სისხლის მუდმივ წყურვილს იღებს…

შეუსრულებელი მისია 7 : უკანასკნელი ნადირობა “ / Mission Impossible 7 : The Last Hunt

პრემიერის თარიღი:  4 ნოემბერი

საკულტო სათავგადასავლო ფრენჩაიზის მეშვიდე ნაწილის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან ფილმის პრემიერა წლის ბოლოსთვის იგეგმება. ჯერჯერობით ფილმის თიზერიც კი არ გავრცელებულა. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მთავარ როლს კვლავინდებურად  ტომ კრუზი მოირგებს.

 „ელვისი“ /  Elvis

პრემიერის თარიღი:  5 ნოემბერი

ჯერჯერობით არც „ელვისის“ თიზერი გამოსულა, თუმცა ცნობილია, რომ ბიოგრაფიულ ფილმში ოსტინ ბატლერი და ტომ ჰენკსი მონაწილეობენ, რომლებიც ელვის პრესლის და მისი მენეჯერის, ტომ პარკერის როლებს მოირგებენ…

 

კოშმარების შესახვევი“ / Nightmare Alley

პრემიერის თარიღი:  დეკემბერი

ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის პრემიერაც დეკემბერშია დაგეგმილი, ლინდსი გრეშამის ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება. მთავარ როლებში ქეით ბეკინსეილს და ბრედლი კუპერს ვიხილავთ. ფილმის რეჟისორი ბენისიო დელ-ტოროა.

 

ვესტ-საიდური ისტორია“ / West Side Story

პრემიერის თარიღი:  10 დეკემბერი

1961 წლის ამავე სახელწოდების ოსკაროსანი,  კლასიკური მიუზიკლის რიმეიქი აკრძალული სიყვარულის შესახებ. ფილმში მოვლენები 1950-იანი წლების შუა პერიოდში, ნიუ–იორკში ვითარდება. ქუჩის ორი, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ბანდის  წარმომადგენლებს, ტონის და მარიას ერთმანეთი უყვარდებათ…

ადამიანი ობობა 3 – გზა შინისაკენ არ არსებობს“  / Spider Man 3 : No Way Home

პრემიერის თარიღი:  17 დეკემბერი

„მარველის“ კინოსამყაროს მესამე სოლო ფილმი „ადამიანი ობობას“ შესახებ. სუპერგმირის ნიღბის ქვეშ დამალული თინეიჯერის, პიტერ პარკერის თავგადასავლები გრძელდება…

მატრიცა 4“ / Matrix 4

პრემიერის თარიღი:  22 დეკემბერი

„მატრიცას“ მეოთხე ნაწილი დიდ ეკრანზე წლის ბოლოს გამოვა, ამიტომ მის შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამაა ცნობილი. არ გამოსულა არც ფილმის თიზერი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატრიცაში დაბრუნება კიანუ რივზისთან, კერი-ენ მოსსა და ჯედა პინკეტ სმიტთან ერთად უამრავ საინტერესო ამბავს და დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება…

 

ტეგები: ფილმები
კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები