LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2022 წელს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინო“ – სად იყიდება ქართული ღვინო

134
ოთარ შამუგია

2022 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონ ლიტრამდე, 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის ექსპორტის რაოდენობა გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი (ზრდა 32%), აშშ (28%), ლატვია (20%), გერმანია (34%), ესტონეთი (53%), იაპონია (68%).

„2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე 2022 წლის რთველთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა და მევენახეებმა შემოსავლის სახით, 270 მილიონამდე ლარი მიიღეს.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი“ – შამუგიას თქმით, მსოფლიოს 96 ქვეყანაში რეკორდული ღირებულების პროდუქციაა ექსპორტირებული

„შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. 2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, შამუგიას განცხადებით, ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაერთო.

„პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ღონისძიებები აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა“, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე თქმით, 2023 წელს, მარკეტინგული ღონისძიებებისათვის 14 მლნ ლარი დაიხარჯება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას განახორციელებს, პირველ რიგში, აშშ-ში და ასევე, ქართული ღვინის რამდენიმე სტრატეგიულ ბაზარზე, კერძოდ, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში და დიდი ბრიტანეთში“, – განაცხადა შამუგიამ.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპორტის განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, უფრო მეტად იყოს დაცული ადგილობრივი ბაზარი და გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები. ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მწარმოებლებს მოსთხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი და ისე მოახდინონ რეალიზაცია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გაცემული 2976 შესაბამისობის სერტიფიკატიდან, 794 სერტიფიკატი ადგილობრივი ბაზრისთვის არის გაცემული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g