“მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იუნისეფიდან, რომ 30 აპრილს, საქართველოში “ასტრაზენეკას” 46 000 დოზა ჩამოვა,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ეს ჯანდაცვის სექტორს საშუალებას მისცემს, “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზით აცრა მაისის შუა რიცხვებისთვის დაიწყოს და ასევე გაგრძელდეს იმ პირების ვაქცინაციის პროცესი, ვისაც ეს ასაკით ეკუთვნით.
გაბუნიამ ასევე ისაუბრა იმუნიზაციის პროცესში “სინოფარმის” ჩართვაზე და აღნიშნა, რომ მის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარე კვირაში დასრულდება:
“სინოფარმით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან გაიხსნება. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები “სინოფარმის” გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან, როდესაც დასრულდება სააღდგომო არდადეგები, შემდეგ უფრო აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაცია.” – განაცხადა გაბუნიამ.
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აღდგომის დღესასწაულებზე წესების დაცვის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მაისში თავი აარიდოს შემთხვევების შემდგომ ზრდას და გაგრძელდეს ჩვეული სოციალური საქმიანობა:
“ეპიდემიური სიტუაცია დღითიდღე რთულდება და ქვეყანა ბიზნეს და სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე რთულად გადაიტანს შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ წესების დაცვა რაც დღეს არსებობს. ყველამ უნდა დავიცვათ ის აუცილებელი მოთხოვნები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მაისში თავი ავარიდოთ შემთხვევების შემდგომ ესკალაციას და ზრდას და გავაგრძელოთ ისევ ნორმალური და ჩვეული სოციალური საქმიანობა.
რა თქმა უნდა, გარკვეული გამოწვევა სააღდგომო დღესასწაულები იქნება და ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი თუნდაც დღესასწაულებზე ხალხმრავლობას და წესების უგულებელყოფას.” – განაცხადა გაბუნიამ.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასების დროს აღნიშნა, რომ დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია, 4400 საწოლიდან კი 3600 დაკავებულია:
“შემთხვევების რაოდენობა იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა. გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული, 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ასევე არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებში, ამ სასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.” – აღნიშნა მან.
გაბუნიამ, ასევე, ტესტირების პროგრამის გაფართოებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღეს განიხილეს დამატებითი რესურსის მობილიზება ტესტირების პროგრამის გაფართოების მიზნით, არა მხოლოდ აპრილში და მაისში, არამედ მოსალოდნელი ზაფხულის პერიოდშიც, ტურისტულ სეზონზე.
მისი თქმით, ის, რომ ტესტირების შესაძლებლობა გაფართოვდეს და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, არის პრიორიტეტი იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონი რისკების გარეშე გადავიტანოთ.