ზაფხულის შვებულების დაგეგმვაში რადიო „ფორტუნა“ იმ ბლოგერებთან ერთად დაგეხმარებათ, რომლებიც მოგზაურობაზე წერენ, მათი ჩანაწერები ევროპის საუკეთესო სანაპიროების შესახებ კი ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ შეკრიბა.

ესპანეთი

Aiguablava, Begur, Giroba

ეს არის პატარა სანაპირო ლურჯ-მწვანე წყლით, თეთრი ქვიშით და უამრავი ადგილით საჭმელად თუ დასალევად. აქ შეგიძლიათ დაივინგ-ტურებიც მოაწყოთ. სანაპირო დაყოფილია ჩვეულებრივ და ნუდისტურ პლაჟებად. ესპანეთის ამ სანაპიროზე წასვლას თუ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ სასტუმრო Hostal Sa Barraca-ში გაჩერდეთ, სადაც ორკაციანი ნომრის ღირებულება 67 ევროდან იწყება.

პორტუგალია

Praia Da Falesia, Algarve

პორტუგალია მდიდარი და ცნობილია თავისი სანაპიროებით, აქ არის სერფერების მექა Nazare, არის სანაპიროები, სადაც მშვიდად დასვენება შეგიძლიათ, ჩენ კი ამჯერად ყურადღებას Praia Da Falesia-ზე გავამახვილებთ. ეს ადგილები ცნობილია ზღვის პროდუქტების რესტორნებით, სანაპიროს გაყოლებაზე არაერთი ბარი შეგხვდებათ, სადაც თევზის სხვადასხვა სახეობასთან ერთად ცივ ლუდსაც დააგემოვნებთ. მოგზაურები საოჯახო სასტუმროს გირჩევენ – Casa Porta Azul , სადაც ორკაციანი ნომრის ფასი 65 ევროდან იწყება.

საფრანგეთი

Plage de la Greve Blanche, Ile de Batz

ეს უმშვენიერი პატარა კუნძულია ლურჯსახურავიანი გრანიტის კოტეჯებით და მიხვეულ-მოხვეული მდელოებით. აქ ველოსიპედების დაქირავებაც შეგიძლიათ, საიდანაც თეთრქვიშიან სანაპიროზე წახვალთ. სანაპიროს წინ ულამაზესი ბოტანიკური ბაღია, სადაც იშვიათი ჯიშის ყვავილებს და მცენარეებს ნახავთ. ღამე Chez Janie-ში შეგიძლიათ გაათენოთ, ნომრის ფასი 69 ევროდან იწყება.

 

იტალია

Porto Giunco, Villasimius, Sardinia

იტალიაში რთულია ერთი რომელიმე სანაპირო გამოყო, რადგან აქ არჩევანი ძალიან დიდია, სიცილია იქნება ეს, სარდინია, ტოსკანა თუ სხვა მხარეები. მოგზაურებმა რამდენიმე ასეთი სანაპიროდან ერთ-ერთი შემოგვთავაზეს, რომელიც სარდინიაში მდებარეობს. სანაპიროზე ქვიშას ოდნავ ვარდისფერი აქვს და გარშემო გრანიტის ნატეხებსაც შეამჩნევთ. აქ რამდენიმე ბარია შეზლონგებით, ქვიშა რბილი და ნაზია, წყალი კი – ზურმუხტისფერი. მოგზაურები სასტუმრო Porto Giunco Residence-ს გვთავაზობენ, სადაც ერთი ღამის ფასი 58 ევროდან იწყება.

საბერძნეთი

Super Paradise, Mykonos

საბერძნეთიც, იტალიის მსგავსად, სანაპიროებით გამოირჩევა, საიდანაც ერთი საუკეთესოს გამოყოფა რთულია. ამ „სამოთხეს“ რაც შეეხება, ყველაზე მხიარული და აქტიური სანაპიროა. ოქროსფერი ქვიშები, სუფთა წყალი და ცეკვა და მუსიკა ნონ-სტოპში – ყველაზე ცნობილი ღამის კლუბებია, სადაც დიჯეების კონცერტები იმართება. აქ დარჩენა საკმაოდ ძვირია, ამიტომ მოგზაურები საკუთარი კარავით Paraga Beach Hostel-ში მისვლას გირჩევენ, სადაც ერთი ღამე 30 ევრო ღირს.

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი