LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა შობა კიდევ უფრო ჯადოსნური გახდეს

6267
love-actually

არსებობს საშობაო ფილმები, რომლებსაც ყოველ წელს ვუყურებთ. ვის არ უნახავს „მარტო სახლში“ ან „შვებულება“? თუმცა  არსებობს არანაკლებ კარგი ფილმები, რომლებიც რატომღაც ნაკლებ პოპულარული და დაფასებულია. დღეს სწორედ ასეთ ფილმებზე ვისაუბრებთ. სიაში შევხვდებით როგორც მხატვრულ, ასევე ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც შობას აუცილებლად მთელმა ოჯახმა, ერთად უნდა ნახოს, რათა მათი შობა კიდევ უფრო ჯადოსნური გახდეს…

„ეს მშვენიერი ცხოვრება“ / it’s wonderful life (1946)

ამ ფილმს ნამდვილი კინომოყვარულები ცხადია კარგად იცნობენ, თუმცა ფრეკნ კაპრას 1946 წლის შავ-თეთრი შედევრი ამ სიაში მაინც მოხვდა. ფილმი საკრედიტო კომპანიის მფლობელ ჯორჯ ბეილის შესახებ მოგვითხრობს. ჯორჯი მოსიყვარულე ქმარი და მამაა, გაჭირვების გამო თავის მოკვლა აქვს განზრახული. ზეციდან მის გადასარჩენად ანგელოზ კლარენსს ავლენენ, რომელიც მხოლოდ მეორე კლასის ანგელოზია და ჯერ ფრთები არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ კლარენსი ჯორჯის გადარჩენას შეძლებს, ფრთებს დაიმსახურებს.ანგელოზს ცოტა დრო აქვს, ამიტომ ის ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას იღებს – იგი ჯორჯს აჩვენებს, თუ როგორი იქნებოდა სამყარო მის გარეშე…

 „მეოჯახე“ / The Family Man (1999)

ჯეკ კემპბელს ყველაფერი აქვს, რაც კი ოდესმე სურდა – წარმატებული კარიერა, ბევრი ფული, პენტ-ჰაუსი, ფერარი და მარტოხელა კაცის უდარდელი ცხოვრება. თუმცა შობის წინა ღამეს უცნობთან შეხვედრა მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ჯეკს მოუწევს დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო ცხოვრებაში და მართლა ყველაფერი აქვს თუ არა, რაც ბედნიერებისათვის სჭირდება…

 „კლაუსი დამიძახეთ“ / Call Me Claus (2001)

ცოტას თუ სმენია, რომ სანტა კლაუსის მანტიის ტარება ადამიანს მთელი 200 წლის განმავლობაში შეუძლია, შემდეგ კი ის ახალ მფლობელს უნდა გადაულოცოს. სანტამ იცის, რომ დროა, საქმე მემკვიდრეს გადააბაროს, რომელიც მხიარული და ექსცენტრიული ქალბატონი, ტელეპროდიუსერი ლუსი აღმოჩნდება. იმისათვის, რათა ლუსიმ სანტას მანტიის მორგება დაიმსახუროს, მან კიდევ ერთხელ უნდა ირწმუნოს შობის სასწაულის…

„სანამ შენ გეძინა“ / While You Were Sleeping (1995)

მორცხვი ლუსი, რომელიც მეტროს სადგურში ჟეტონებს ყიდის, ყოველ დილას ხვდება თავისი ოცნების მამაკაცს, რომელიც მისგან ჟეტონს ყიდულობს და გოგონას ვერც კი ამჩნევს. თუმცა მოვლენები ისე ვითარდება, რომ ლუსი მომხიბვლელ უცნობს სიკვდილისაგან იხსნის და საავადმყოფოში წაიყვანს, სადაც უგონოდ მყოფ პიტერს ოჯახის წევრები აკიტხავენ. ისინი ლუსის პიტერის საცოლედ მიიჩნევენ…

„კლაუსი“ / Klaus (2019)

სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.

 „მცველების აღზევება“ / Rise of the Guardians (2012)

როდესაც ბოროტი ბუგიმენი თავის ჩვეულ საქმიანობას, კოშმარებით ბავშვების შეშინებას იწყებს, მის წინააღმდეგ ბავშვების იმედების და ოცნებების დასაცავად სიზმრების მცველები – სანტა კლაუსი, ჯეკ ფროსტი, აღდგომის კურდღელი, სენდმენი და კბილის ფერია ერთიანდებიან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები