LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

75 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი – რა საფრთხის წინაშე არიან უმაღლესი განათლების მიღების მსურველები

398
fortuna.ge (6)

სტატუსშეჩერებული სტუდენტები – ერთი შეხედვით, თითქოს სოციალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, სინამდვილეში კი ამ საკითხის გარშემო, უამრავი კომპლექსური პრობლემები იკვეთება და მაშინ, როდესაც მათი რიცხვი წლებთან ერთად დრამატულად იზრდება, უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს, სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით მიზნობრივი, ქმედითი ნაბიჯების მოლოდინი აქვთ. საამისოდ სტუდენტები სხვადასხვა აქტივობებს პანდემიის პირობებშიც კი მიმართავენ – მართავენ აქციებს, ითხოვენ საჯარო პირებთან შეხვედრას, ასევე სწავლის გადასახადის განახევრებას, რომ შეძლონ განათლების მიღება, თუმცა მათ მოთხოვნებს – ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

დავითი 20 წლისაა, მე-3 კურსის სტუდენტი. სურს, რომ ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების სპეციალისტი გახდეს, თუმცა დღეს, უკვე სტატუსშეჩერებული სტუდენტია, რადგან როგორც თავად გვიყვება, სწავლის საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო. მის მსგავსად, სტატუსი ახლა 75 000-ზე მეტ სტუდენტს აქვს შეჩერებული, ცხადია სხვადასხვა მიზეზით და ეს მხოლოდ მატერიალურ პრობლემებს არ უკავშირდება. თუმცა, ფაქტია, რომ სტუდენტები სწავლას ვეღარ აგრძელებენ. ამ ვითარებას კი, ახლა პანდემიაც დაემატა, რამაც უმუშევრად დარჩენილი სტუდენტების პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა.

განათლების საკითხების მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, საჭიროა სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემებზე სახელმწიფოს მხრიდან ამ თემის სიღრმისეული შესწავლა მოხდეს. ეს კი იმისთვის, რომ გამოიყოს პრიორიტეტები – მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა დახმარებაც მომავალი თაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ზუსტი და თანმიმდევრული პოლიტიკა, როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების სფეროში. განათლების სამინისტროში არ საუბრობენ არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე და როგორც ოდავ ქვემოთ წაიკითხავთ, საჯაროდ, მხოლოდ, უკვე არსებულ სტუდენტთა სოციალურ პროგრამებზე საუბრობენ.

 

სტატუსშეჩერებული სტუდენტები და მათი პრობლემები

 

„ახლა მე-3 კურსზე ვარ, ბიზნესის მართვას ვეუფლები. დღიდან უნივერსიტეტში მოხვედრისა, ვმუშაობ, რომ სწავლის გადასახადი საკუთარი ძალებით დავფარო. აქამდე არ მიჭირდა, რადგან სამუშაო სტაბილურად მქონდა და ლექციებზე დასწრებასაც ვახერხებდი, თუმცა მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, სამსახური დავკარგე და შესაბამისად, საფასურს ვეღარ ვიხდი, ამის გამო კი სტატუსი შემიჩერდა.

„სამსახური მხოლოდ მე არ დამიკარგავს, მშობლებსაც იგივე პრობლემები შეექმნათ, მამა ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ დაგროვილი საფასურის გადახდას, ამ ეტაპზე მაინც ვერ ვახერხებ,“ – გვითხრა დავითმა და ისიც დაამატა, რომ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, აქციებზეც აქტიურად დადის, რადგან ფიქრობს, რომ ახლა ერთით მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტის ხმაც კი მნიშვნელოვანია.

ეს მხოლოდ ერთი სტუდენტის მიერ მოყოლილი ამბავია, რომელმაც „ფორტუნასთან“ საუბარი ისურვა, მის გარდა კი სწავლის გაგრძელების მოლოდინი კიდევ ათასობით სტუდენტს აქვს. გასულ კვირას, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. მოთხოვნა კვლავ იგივე იყო – სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განახევრება. აქციაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა განცხადეს, რომ განათლების სამინისტროსა და მთავრობას აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხს მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების მოთხოვნებზე პასუხი, ამ ეტაპზე არავის გაუცია, ამ თემაზე საუბრისას  მნიშვნელოვანია აღინიშნოს სახელმწიფოს პოლიტიკაც. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ყველა სოციალურად დაუცველი, 150 ქულამდე სტუდენტი  სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 წლის სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს.

“ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომელსაც სტუდენტის სტატუსი თანხის საფასურის გადაუხდელობის გამო აქვს შეჩერებული, სახელმწიფო  1 წლის, 2020-2021 წლის სასწავლო წლის საფასურს დაუკომპენსირებს და ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით  33 ათასზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის ამ ინიციატივას მოგვიანებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელიც გამოეხმაურა და თქვა, რომ  სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფინანსური დახმარება მთავრობის მთავარ პრიორიტეტს – თითოეულ ადამიანზე ზრუნვას ხაზს უსვამს. თუმცა, რამდენად  სამართლიანი და თანაბარი  შედეგი გამოიღო ამ ინიციტივამ, ჯერჯერობით უცნობია, რადგან სტუდენტების პროტესტი ყოველ მომდევნო აქციაზე, უფრო და უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.

აქვე იმასაც შეგახსნებთ, რომ თითქმის ერთი წელია უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურად ფუნქციონირებენ. საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში აუდიტორიული სწავლება 1-ელ მარტამდე არ აღდგება.

ცნობითვის, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბოლო საჯარო მონაცემებით:

სტატუსი 76172 სტუდენტს აქვს შეჩერებული.

მათგან: 45924 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს;

ხოლო 30248 – კერძოში.

 

რა გვითხრეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში

 

„ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება.

სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყებიდან არსებულ საგრანტო პროგრამებს ახალი ინიციატივები დაემატა, კერძოდ კი: სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით უნივერსიტეტებს რეკომენდაცია მიეცათ  – სწავლის გადასახადი გადავადდა ან სტუდენტებს გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი შესთვაზეს.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალური დახმარების ფარგლებში, სწავლის საფასური დაუფინანსდა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 15 015 სტუდენტს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1 588 სტუდენტს,“ – გვითხრეს უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წლის პირველი ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადაირიცხა 55 589 სტუდენტის საგრანტო და პროგრამული დაფინანსება:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 27 890 (ბაკალავრიატი);
  • პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება – 19 775 (ბაკალავრიატი);
  • სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სოციალური) – 4 489 (ბაკალავრიატი);
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საფუძველზე ჩარიცხული პირების გრანტი – 16 (ბაკალავრიატი);
  • თანამემამულის სტატუსი მქონე პირები – 35 (ბაკალავრიატი);
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2020) 379 (ბაკალავრიატი);
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2019) – 61 (ბაკალავრიატი);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი -122(ბაკალავრიატი);
  • მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 829 (ბაკალავრიატი);
  • სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი -1 781 (მაგისტრატურა);
  • სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი (სოციალური) -177 (მაგისტრატურა);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი – 16 (მაგისტრატურა);
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრების, საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირების გრანტი – 19 (მაგისტრატურა).

სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის დასრულდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოპოვების პროცესი.

მათივე ცნობით, სიციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა სხვადასხვა კეტეგორიის 1539-მა სტუდენტმა, მათ შორის: სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს მაღალმთიანი დასახლების სკოლებში;  სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო 1 წელი სწავლობდნენ/მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სკოლაში; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებმა ან ბრძოლების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებმა ან მათმა შვილებმა; მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრებმა; უდედმამო სტუდენტებმა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა; სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლებში; სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფმა პირებმა; სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები).

„სამინისტროს მიერ ფინანსდება პროგრამა “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”, რომლის ფარგლებში თვეში 150 ლარის ოდენობით სტიპენდიას სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები იღებენ. 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემეტრში სტიპენდია 3243 სტუდენტს გადაეცა.

2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობით დაფინანსების მიზნით, გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა. მიმდინარეობს მუშაობა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის (სოფ. რიყე, რუხი და ხურჩა) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტების სიების დაზუსტებაზე,“ – უთხრეს „ფორტუნას“ სამინისტროში.

 

რას ამბობს განათლების საკითხის მკვლევარი

 

„ფორტუნა“ სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემებზე განათლების მკვლევარს, რეზო აფხაზავას ესაუბრა. როგორც იგი ჩვენთან საუბარში ამბობს, საკითხი საერთო ჯამში კომპლექსური პრობლემებისგან შედგება. განათლების მკვლევარი აღნიშნავს, რომ სტუდენტების სტატუსის შეჩერებას, ბევრი ფაქტორი განაპირობებს, რასაც კვლევა სჭირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არავის უკვლევია,  ჩვეულებრივი დაკვირვებითაც შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა.

„აქ რამდენიმე ფაქტორია – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ცხადია, სოციალურ და ეკონომიკურ ნაწილს უკავშირდება, როდესაც ადამიანებს სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ. ახლა კი, გართულებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და პანდემიის გამო, ეს მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდა და შესაბამისად, შესაძლოა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდოს,“ – განუცხადა „ფორტუნას“ რეზო აფხაზავამ.

მისი შეფასებით, გარდა ამისა, არსებობს დამატებითი, მთელი რიგი საკითხებისა, რაც პრობლემას ამძიმებს. მაგალითად ის, რომ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების სურვილი აღარ აქვთ, იმის გამო, რომ შესაძლოა პროფესია არ მოსწონდეთ და არჩევანს გაუაზრებლად აკეთებენ. როგორც განათლების მკვლევარი ამბობს, ამ ყველაფერს და მათ შორის, ზემოაღნიშნულ პრობლემებსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება, თუმცა მთავარი სამიზნე ჯგუფი მისი თქმით, აუცილებლად სოციალურად დაუცველი ადამიანები უნდა იყვნენ, რადგან სოციალურად დაუცველები და დაბალი სოცილაურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სტუდენტებმა სწავლა მხოლოდ იმის გამო მიატოვეს, რომ საფასურის გადახდა ვერ შეძლეს.

„ამ მიმართულებით მიზნობრივი პროგრამები უნდა ამოქმედდეს, რათა ამ ადამიანებმა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დასრულება შეძლონ და შემდომ მდგომარეობა გაიუმჯობესონ. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მაინცა და მაინც მაღალი ხარისხის და დასაქმებაზე ორიენტირებული შეიძლება ვერ არის, მაგრამ ამ ადამიანების სოციალურ რელევაციაზე გავლენას მაინც ახდენს. მაგალითად, სტატუსის გაუმჯობესებაზე, შესაბამისად, შემოსავლების გაუმჯობესებაზე და შემდგომ დასაქმების პერსპექტივაზე, ამიტომ ამ ჯგუფებზე მიზნობრივი პროგრამები უნდა იყოს განხორციელებული,“ – უთხრა „ფორტუნას“ აფხაზავამ.

განათლების მკვლევარს საშეღავათო პროგრამების მნიშვნელობასა და მის მიზნობრივ დაფინანსებაზეც ვკითხეთ. როგორც რეზო აფაზავამ გვითხრა, უფასო ფაკულტეტების შემოღება და ამ სოციალური კონტექსტით დაფინანსების საკითხიც აუცილებლად ძალიან მიზნობრივი უნდა იყოს.

„არ უნდა დავაფინანსოთ ისეთი მიმართულებები, რომლის დასაქმების მაჩვენებელი ნულის ტოლია. ანუ, ეს პროგრამები ორიენტირებული ამ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იყოს, რათა მათ მოახერხონ და დაამთავრონ, მიიღონ უმაღლესი განათლება ისეთ მიმართულებებზე, რაც მათ დასაქმებას ხელს შეუწყობს,“- გვითხრა მან და ისიც დასძინა, რომ  გარდა ამისა, უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხი მთლიანად, სისტემურად უნდა გადაიხედოს. ამასთანავე, ზოგადად ხედვა – უმაღლესი განათლების რაობის შესახებ ქვეყანაში.

„მთლად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამ საკითხის მოგვარება, ცოტა რთული იქნება. სანამ კომლექსური ცვლილებები განხორციელდება, მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო რაოდენობაში, მიზნობრივი ჯგუფები იდენტიფიცირდეს. იდენტიფიცირდეს სოციალურად დაუცველი და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო ხელს შეუწყობს, ოღონდ ხელს შეუწყობს ისეთი სპეცილობების დაუფლებაში, რომლებიც მათ შემდგომ დასაქმებას ხელს შეუწყობს,“- აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას აფხაზავამ.

რამდენად აქვს სახელმწიფოს მზაობა ამ მიმართულებით ცვლილებები განახორციელოს და რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს სტუდენტების პროტესტი – განათლების მკვლევარმა ასე გვიპასუხა:

„ჯერ ერთი, ამ საკითხს შესწავლა სჭირდება, ასე ხელაღებით კი არ უნდა გადაწყდეს – აი, აქცია გავმართეთ, ან ჩვენ ძალიან კარგი მთავრობა ვართ, ან წინასაარჩევნოდ ამას გავაკეთებთ, ეს თანმიმდევრული პოლიტიკით უნდა მოხდეს, ისე, როგორც განათლების პოლიტიკა ხორციელდება, რაც სამწუხაროდ არ ხდება.

როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ამ სტუდენტების რაოდენობის შესწავლა უნდა მოხდეს, ასევე მათი კლასტერიზაცია – ვინ არის იმის გამო წასული უნივერსიტეტიდან, რომ უკვე დასაქმდა და სწავლის გაგრძელება აღარ სურს. ან იმის გამო, რომ სწავლის პროგრამა ვერ დაძლია, ამის უნარები არ ჰქონდა და ა.შ.

ასევე უნდა გამოიყოს ჯგუფი – ეს გახლავთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე სტუდენტები, რომლებსაც სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდათ და რომლებიც  კარგად სწავლობდნენ ისეთ პროგრამებზე, რისი დამთავრებითაც, დიდი ალბათობით,  ბაზარზე უფრო მოთხოვნად პოზიციებზე დასაქმდებოდნენ,“ – დასძენს რეზო აფხაზავა.

მისი თქმით, ამ ჯგუფის სტუდენტების გამოკვეთის შემდეგ, უნდა დავთვალოთ რა დაჯდება მათი დაფინანსება და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა უნდა გამოიყოს, რათა ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ და მათი მარგინალიზება არ მოვახდინოთ.

„პირიქით ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რომ ეს ადამიანები შემდეგ დახმარების მოლოდინში კი არ იყვნენ, არამედ ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით თვითონ იყვნენ შემომტანები,“ – აღნიშნავს განათლების მკვლევარი.

რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ ამაში სახელმწიფოს ინვესტიცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც შესაბამისი პირები – მთავრობის წარმომადგენლები უნდა ფიქრობდნენ.  როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა, ეს პრობლემა მხოლოდ პანდემიით არ გამოწვეულა და ამ გარემოებამ უბრალოდ სიტუაცია დაამძიმა.

„პანდემიამდეც საკმაოდ დრამატული მდგომარეობა  იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ამ ადამინების სასარგებლოდ იყოს გადაწყვეტილი.  სამწუხაროდ, სახელმწიფოში თანმიმდევრული პოლიტიკა არც ზოგადი განათლების მიმართულებით  გვაქვს და არც სხვა სფეროების მიმართულებით,“ – ფიქრობს მკვლევარი.

მისი შეფასებით, თუ ამ მიმართულებით მასშტაბური საპროტესტო აქციები მოეწყობა, შესაძლოა სახელმწიფომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს, რომლის ეფექტიანობაც ნაკლები იქნება. მაგალითად, დიდ ნაწილს სწავლა დაუფინანსოს, მაგრამ რაღაც ნაწილში საერთოდ ეფექტის მომტანი არ იყოს.

„აქციებიც და მოთხოვნებიც საზოგადოების მხრიდან გააზრებული უნდა იყოს – ჩვენ ის კი არ უნდა მოვითხოვოთ, რომ ხელაღებით ყველა სტუდენტი დაფინანსდეს, არამედ ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რომელია პრიორიტეტული ჯგუფები და ეს ფული ტყუილად არ გადავყაროთ. მაგალითად, ახალი, უმაღლესდამთავრებული უმუშევრების კვლავ წარმოებაში, ამაში ფული არ უნდა დავხარჯოთ. ამიტომ სახელმწიფოსგან უნდა მოვითხოვოთ, რომ საკითხი კარგად, სიღრმისეულად შეისწავლოს, პრიორიტეტული ჯგუფები გამოყოს და მათთვის შესაბამისი ფინანსური დამხარება უზრუნველყოს,“ – აღნიშნავს აფხაზავა.

განათლების მკვლევარის თქმით, ეს პრობლემის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ახლა, დროულად უნდა გადაწყდეს, თუმცა პარალელურ რეჟიმში უმაღლესი განათლების მთლიანად, კომპლექსური რეფორმა უნდა მოხდეს – დაწყებული იქიდან, თუ რა არის საერთოდ უმაღლესი განათლება, როგორი წარმოგვიდგენია ის ჩვენს ქვეყანაში და დამთავრებული დაფინანსებით, რათა უმაღლეს სასწავლებლებში წავახალისოთ არა სტუდენტების რაოდენობა, არამედ მათი განათლების ხარისხი.

„არის კიდევ მთელი რიგი საკითხებისა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მაგალითად, დღეს სახელმწიფოს მხრიდან ყველა პროგრამა ერთი და იგივე თანხა ჯდება, რაც აბსურდია. როგორ შეიძლება მაგალითად ფილოლოგია და სამედიცინო განათლების პროგრამები ერთი და იგივე თანხა ჯდებოდეს, როდესაც ერთს გაცილებით მეტი რესურსი სჭირდება, ვიდრე მეორეს. ერთს შესაძლოა ბიბლიოთეკა სჭირდებოდეს, ხოლო მეორეს ლაბორატორიები შესაბამისი დანადგარებით და ა.შ. ანუ, საკითხი ამ მიმართულებითაც გადასახედია,“ – აცხადებს აფხაზავა.

მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ  უნივერსიტეტებს ღია დაფინანსებაც ჰქონდეს, რომელსაც შიდა სასტიპენდიო პროგრამების განვითარებაზე მიმართავს, რადგან აფხაზავას თქმით, უნივერსიტეტებში, უკეთესად იციან, რეალურად ვინ არიან ის სტუდენტები, რომლებსაც სწავლა უნდათ, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებენ.

„კიდევ ერთი საკითხია ის, რომ არიან სტუდენტები, რომლებსაც დედაქალაქში ცხოვრება უწევთ, რაც ძვირი უჯდებათ და კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვებათ. თუ დისტანციური სწავლება პანდემიის პირობებში შესაძლებელი ყოფილა, რატომ არ შეიძლება ეს დავხვეწოთ და ჰიბრიდული რეჟიმი გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, თეორიული კურსის ლექციები მაინც დისტანციურად გაიარონ და აქ ბინის დაქირავება, ცხოვრება არ დასჭირდეთ, ამით მათ ზედმეტი ხარჯებს ავაცილებთ.

პრაქტიკული მეცადინეობისთვის კი ინტენსიური კურსებით განვაგრძოთ, მაგალითად ზაფხულში ან როცა ამის შესაძლებლობა იქნება. დავუშვათ ერთი თვით, რომ ეს ადამიანები ჩამოვიდნენ და ნაკლები დანახარჯით, პრაქტიკულ მეცადინეობებში უფრო ინტენსიურად ჩაერთნონ.  ამდენად, აქედან გამოსავლის მოძებნა არ არის ისეთი რთული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს,“ – ამბობს რეზო აფხაზავა და დასძენს, რომ თუ ამ საკითხებზე, გონიერი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იმუშავებს, რომელიც ამას ისე გააკეთებს, როგორც წესი და რიგია, მაშინ პრობლემაც დაიძლევა.

 

 

 

 

magti 5g