LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში კულინარიული ექსპედიცია ჩატარდა: 110-მდე მივიწყებული კერძის რეცეპტი ერთ წიგნად გამოიცა

147
ipiccy_image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მომზადდა კულინარიული გზამკვლევი „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, სადაც 110-მდე კერძია შეტანილი.

მათივე ცნობით, წიგნში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ნაკლებ ცნობილი და მივიწყებული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.

„კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ კერძებს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდა. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. გზამკვლევში წარმოდგენილია მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით, აჭარული სამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.

კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი მათ მენიუებში შეტანას შეუწყობს ხელს. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა მსურველებს სააგენტოს ტურისტულ პორტალზე https://visitajara.com/ka/maps-brochures შეუძლიათ. კულინარიული გზამკვლევის ბეჭდური ვერსია გიდებს, კვების ობიექტებსა და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცემათ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები