LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მედპერსონალი და 65 წელს ზემოთ მყოფი პირები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიცრებიან: ახვლედიანი

66
Untitled design

“საქართველოში მიმდინარე კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს.” – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თეა ახვლედიანმა განმარტა, ეს მოქალაქეები შეძლებენ, ვაქცინაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიტარონ:

“დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომლებსაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა, სხვა, შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც, აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამისად, კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს.” – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭო, ეპიდემიის მართვის პროცესში, შესაბამისი რეგულაციების დაწესებაზე თუ გაუქმებაზე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პრაგმატულად იღებს გადაწყვეტილებებს და სწორედ ამ მიდგომით, აგრძელებენ მუშაობას დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზომებთან მიმართებაშიც.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

დღეიდან კი როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოსახლეობას, საშუალება აქვს, ლიმიტის ფარგლებში, არჩევანი გააკეთოს “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინას შორის – დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება.