LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღსდგა თუ აღდგა? – პროფესიონალების განმარტება და გრამატიკული წესი

347
agdomaa

ქრისტე აღსდგა თუ ქრისტე აღსდგა – ეს საკითხი სააღდგომოდ და არა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში განხილვის საგანი ხდება. ამ სადღესასწაულო მიგებებაზე აზრი პროფესიონალებშიც კი ორად იყოფა. რაც შეეხება, ამ სიტყვის გრამატიკულ ახსნას:

ზმნა აღდგა ერთპირიანია. ეს ერთადერთი პირი მესამე პირის სუბიექტია (აღდგა – ის). შესაბამისად, მეორე სუბიექტური პირის ნიშანიც და მესამე ობიექტური პირის ნიშანიც აქ უმართებულოა.

მიუხედავად ამ გრამატიკული კანონზომიერებისა, ფორმა „აღსდგა“ საკმაოდ გავრცელებულია და ოფიციალურ წყაროებშიც (საეკლესიო კალენდრები, ლიტერატურა, ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები…) ხშირად გამოიყენება.

ამ საკითხს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია თითქმის ყოველ წელს ეხმიანება და ამბობს, რომ სწორი ფორმაა აღდგა. „ქრისტე აღდგა!“ მაინც ახარეთ ერთმანეთს სწორად“; „სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ბრძანა – „ქრისტე აღდგაო“ (-ს-ს გარეშე!!!) იქნებ მისი მაინც ისმინოთ, ჩემი თუ არ გჯერათ?“ -ასეთია ღვინჯილიას მოსაზრება, რომელსაც სააღდგომოდ ყოველ წელს საჯაროდ აფიქსირებს.

ამ სიტყვების შესახებ უკამათია გურამ დოჩანაშვილსაც საკუთარ ხელმძღვანელთან, რომელსაც მწერალი ასე იხსენებდა:

– აბა, დაფიქრდით და მითხარი რამდენპირიანი ზმნაა – აღუდგინა?! – ვეკითხები ჩემს უკვდავ ხელმძღვანელს.

– სამპირიანი – დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი – აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).

– მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!

– აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..

– უფრო მოკლედ, – არ ვეშვები.

– აღიდგინა სიცოცხლე..

– კიდევ უფრო მოკლედ?!

– აღიდგინა…
– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..

– აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია – ისევ მიწყრება ხელმძღვანელი

– აღსდგა.

– აღდგა?

– არა, არა. აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა… სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა), რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა).

ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი – აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმაზე და კანონზე მაღლა დააყენა..

– მაშ, აღსდგა, არა? – უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ, ვერ ვხვდები ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა). ამიტომ, არ ვიმჩნევ..

– დიახ, დიახ ჭეშმარიტად აღსდგა!”- იხსენებდა მწერალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები