LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ეტაპზე, ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესები უფრო გადამწყვეტია, ვიდრე პუტინის მიერ გამოცხადებული არაფრის მთქმელი განცხადება“ – ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოლქებში „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადებაზე

65
batiashvili-2022-04-19_00-28-13_799902

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 20 ოქტომბრიდან “საომარ მდგომარეობას” აცხადებს ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში. პუტინის განკარგულების მიხედვით, “საომარი მდგომარეობის” გამოცხადების საფუძვლად დასახელებულია ე.წ „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენება“.

პუტინმა ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება რეალურად არაფერს ცვლის.

ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„რეალურად, დიდად არაფერს ცვლის ეს გამოცხადება, თუ შემდგომში მას არ მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები. შეიძლება მომავალში მოხდეს საზღვრების დაკეტვა. ამ ეტაპზე, ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესები უფრო გადამწყვეტია, ვიდრე პუტინის მიერ გამოცხადებული არაფრისმთქმელი განცხადება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

უკრაინის ფრონტის ხაზებზე მიმდინარე პროცესების შეფასებისას ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები მზარდია.

„რაც დრო გადის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები იზრდება და პროცენტული მაჩვენებელი განეიტრალებული რაკეტებისა იზრდება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება მოიხსნას საჰაერო შეტევები“, – აღნიშნავს ბატიაშვილი.

რაც შეეხება ხერსონის ოლქში გამოცხადებულ ევაკუაციას, რომელსაც უკრაინულმა მხარემ „პრიმიტიული ტაქტიკა“ და „პროპაგანდისტული მოჩვენებითობა“ უწოდა, ბატიაშვილი ფიქრობს, რომ რუსულ ნაწილებს ხერსონიდან გასვლა მოუწევს.

მედვედევი: რეფერენდუმები დასრულდა, მოგესალმებით სახლში, რუსეთში

„ყველა ვარიანტში რუსულ ნაწილებს ხერსონიდან გასვლა მოუწევს. აქამდე, რის გამოც თავს იკავებდა პუტინი ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრება, რადგანაც ხერსონი არის ერთ-ერთი ოლქი, რომლის ანექსიის შესახებ რუსულმა მხარემ განაცხადა და ამ ანექსიური ოლქის ცენტრის დაკარგვა იქნებოდა უკვე ძალიან მძიმე სიგნალი რუსეთისთვის.

რუსული მხარე, საზოგადოება მზად არის შიმშილისთვის, ათასი გაჭირვებისთვის ერთადერთი პირობით – თუ იქნება გამარჯვება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებას ვერ ვხედავთ, პირიქით ეს იქნება პუტინის მარცხის დასაწყისი.

კრემლი დიდხანს თავს იკავებდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მოუწევს მსხვერპლად გაიღოს სამხედრო ნაწილები, რაც ამ ეტაპზე იქ არიან. ითვლება, რომ ხერსონში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილებია განთავსებული რაც რუსეთს გააჩნია და თუ არ გაიყვანს უფრო სავალალო შედეგი დაუდგება.

ყველა ვარიანტში ეს ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის დამარცხებით. მთავარი დროის ფაქტორია – რამდენ ხანში მორჩება. თუ მანამდე პუტინს შეთქმულება არ მოუწყვეს და სხვა რაიმე მიზეზის გამო არ მოუწია ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

ბუკა პეტრიაშვილი: „დღეს ჩანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა! ავი ხმები ამბობენ, შეიძლება საომარი მდგომარეობაც გამოაცხადოს და ქვეყანაც ჩაკეტოსო!“

ახლა ხდება გადამუშავება იმ საზარბაზნე ხორცის, რომელიც რუსეთმა გააგზავნა პირდაპირ ბრძოლის ველზე ყოველგვარი მომზადების გარეშე. მსხვერპლი უფრო დიდია ვიდრე პროფესიონალურ ნაწილებში იყო თავის დროზე. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება რუსულ მხარეს. უკრაინელებს მოტივაციაც აქვთ, უკეთ მომზადებული ჯარი ჰყავთ და შეიარაღებაში ძალიან სერიოზულად ეხმარება დასავლეთი“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები