“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეხმიანება ოპოზიციის შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლეზე, რომელიც აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან გვარამიას საქმის გამო მოხსნა.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა საპარლამენტო დებატების დროს, რომელიც პლენარულ სხდომაზე გაიმართა.
კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება დაასრულებდა:
“მინდა, აშშ-ის საელჩოს მივმართო თხოვნით, მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის.
აშშ-ის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება იმაზე საუბარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაული და დისკრიმინაცია არ ჩაუდენია, თუმცა სპეკულაცია გრძელდება და ამ სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადება არ გაავრცელებს, რაც სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო.
რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი.
ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლობა აქტია.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ გაეკეთებინა, რომელიმე მოსამართლე რომ დაებარებინა და თუნდაც მისთვის საკამათო გადაწყვეტილების გამო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიმე სემინარიდან ან კონფერენციიდან რომ მოეხსნა. წარმომიდგენია რამხელა აჟიოტაჟს შექმნიდნენ ამავე ფაქტის გამო იგივე სუბიექტები.
არსებობს ასეთი გამონათქვამი – ყველა თავისი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს. რადიკალური ოპოზიციაც თავისი შიდა და გარე სპიკერებით ასე იქცევა, ჰგონიათ, რომ აშშ-ის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ. მოსამართლეზე ზეწოლა ენმ-ის ხელწერაა და იმავეში აშშ-ის საელჩოს სდებენ ბრალს.
“ნაციონალური მოძრაობის” შიდა და გარე სპიკერებს მინდა ვკითხო, გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებიდან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი უნდა გქონდეთ გაგონილი, როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ.
ბუნებრივია, აშშ-ის საელჩო, ენმ-ის მეთოდებით მოქმედებას, მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებს. მე ამის ღრმად მწამს. ან რატომ ჰგონიათ, აშშ-ში წასვლა, არ წასვლის გამო, რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ მოაქცია. ვინმეს მართლაც, რომ ეკადრებინა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება ეს პირიქით უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში იციან კოლეგიალობის და ღირსების ფასი”, – თქვა კობახიძემ.