„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან. როგორც ხაბეიშვილმა პარტიის გეგმაზე საუბრისას განუცხადა, რომელზეც მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 აპრილს ისაუბრებს, „გათითოკაცებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არის შესაძლებლობა რუსული პარტიისთვის საქართველოში“, ამიტომ უნდა მოხდეს ყველას გაერთიანება საერთო მიზნისკენ.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება თუ არა ამას წყვეტს მოსახლეობა და ამიტომ გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობის საკითხს, როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განმარტა, პარტია „საქართველოსთვის“ გუნდი მიხეილ სააკაშვილთან რამე მოლაპარაკების პროცესში არც დღეს და არც მომავალში ჩაერთვება.
“მორიგ არჩევნებამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი, 2 წელი დაგვრჩა. ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე იწყება ხოლმე საარჩევნო მზადება და იქამდეც ბევრი დრო არ არის, თუმცა არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა მოხდება და არავინ იცის, მოუწევს თუ არა „ქართულ ოცნებას“ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
„მოქალაქეების“ წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა ახლა არ არსებობს და ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია.
„ახლა რომ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არის, მგონი, ყველა ვხედავთ. არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ზოგადად, მგონი, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ახლა აზრს მოკლებულია. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ რაღაცის შეპირება, მერე იმედგაცრუება, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი ძალიან დაბალ ნდობას იწვევს. ვადამდელი არჩევნების მომხრე ისედაც არ ვარ, მაგრამ, ზოგადად არ ვარ მომხრე ოპოზიციამ ისეთი დაპირებები გასცეს, რომელსაც ვერ შეასრულებს, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე, ჩემი აზრით, არ იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ თუ რომელიმე პარტიას სამოქმედო გეგმა აქვს, ეს არის მისი გეგმა და ამაში ხელს არ შეუშლის, რადგან დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოსაშორებელია ხელისუფლებას.
“მე რაშიც ვხედავ რესურსს, იმ საქმიანობით არის დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა რაშიც ხედავს რესურსს, იმას გააკეთებს, ეს ყველას უშუალო გადასაწყვეტია. პროცესი დაგვანახებს, რომელი გზაა სწორი და რომელი უკეთესი. ჩემი ნება რომ იყოს, რიგგარეშე არჩევნებს აუცილებლად დავნიშნავდი, რადგან ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაცია არის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის და „ქართული ოცნება“ არის ამ ინტეგრაციის წინაღობა.
მაგალითს გეტყვით – ომში მყოფმა უკრაინამ ერთ კვირაში კითხვარზე პასუხები გააგზავნა და მშვიდობიან მდგომარეობაში მყოფმა საქართველომ ერთი კვირა დახარჯა იმაზე, რომ უბრალოდ გაესაჯაროებინა ეს კითხვები, ეს არის სხვაობა, ვის როგორ უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ ნამდვილად ვფიქრობ, ხელისუფლება თუ შეიცვლებოდა, უკეთესი იქნებოდა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ იქნება ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, ერთ კვირაში კი არა 3 დღეში გავაკეთებთ ამას,“ – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე: არსებობს თუ არა მუხტი საზოგადოებაში აქციების და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის, ვაშაძის პასუხია: „მეგობრებო, ქუჩაში გავიდეთ და დავინახავთ, რისი მუხტი არსებობს“.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, არჩევნები საქართველოში იქნება 2024 წელს და არანაირი ვადამდელო არჩევნები არ ჩატარდება.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარის განცხადებით, “ომის და მოღალატეების პარტია“ აგრძელებს დესტრუქციების სერიას”.
“ომის და მოღალატეების პარტია“ აგრძელებს დესტრუქციების სერიას. როგორც ჩანს, ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელზეც მფრინავ განცხადებას ალბათ, სასამართლო დარბაზიდან მოვისმენთ, ნახეს, რომ ქვეყნის ომში ჩაბმა, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის დაძაბვა ვერ მოხდა, ნახეს, როგორი წარმატებული ვიზიტი ჰქონდა პარლამენტის დელეგაციას და ახლა სავარაუდოდ, კიდევ ერთ ფანდს შემოაგდებენ, ეცდებიან, პროვოკაციულად გამოიწვიონ საზოგადოების მღელვარება, მაგრამ როგორც ყველა დანარჩენი სერია საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ჩაუვარდათ, ზუსტად ანალოგიური “წარმატება” ექნება ამ განცხადებას,”- განაცხადა ამილახვარმა.
ამავე თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმაც. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, თუმცა მისივე თქმით ექსპრეზიდენტს, რომელსაც ციხეში კიდევ რამდენიმე წლის გატარება მოუწევს სჭირდება, “გართობა” და აჟიოტაჟი.