მიხეილ ჭკუასელისა და ხატია მოისწრაფიშვილის ვაჟი, ანდრია ჭკუასელი ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟულ სასწავლებელში ჩაირიცხა. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეთორმეტე კლასის მოსწავლე შემოქმედებითი წერის ფაკულტეტზე ბენინგტონის კოლეჯში ისწავლის, რომელიც დამთავრებული აქვთ ისეთ ცნობილ მწერელებს, როგორებიც არიან: დონა ტარტი, ბრედ ისტონ ელისი და ჯონათან ლეთემი. ეს არის ერთი თაობის ამერიკელ მწერალთა პლეადა, რომელთაც დიდებული ნაწარმოებები, ბევრი სკანდალი და მითი უკავშირდებათ.
ბენინგტონის კოლეჯში ქართველი სტუდენტი სრული, ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა. მას შემდეგ, რაც მან ყველა საჭირო ტესტის უმაღლესი შეფასებები და საკუთარი მოთხრობებიც წარადგინა, პირადი გასაუბრება დაუნიშნეს, რის შემდეგაც 2020 წლის 13 დეკემბერს ჩარიცხვაზე და ასპროცენტიან დაფინანსებაზე დადებითი პასუხი მოვიდა. ოჯახი ამას არ ელოდა. ხატია მოისწრაფიშვილი „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურად საუბრობს იმ ემოციებზე, რაც შვილის ამ დიდმა წარმატებამ მოუტანა.
ხატია მოისწრაფიშვილი:
ბენინგტონი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად მიიჩნევა, ხელოვნების სკოლა, რომელიც ლიტერატურაზეა ორიენტირებული და ლიტერატურის ვარსკვლავებს დაუმთავრებიათ… ანდრია ბავშვობიდან არ წერს, სადღაც 10 წლის რომ იყო, უცებ ძალიან შეუყვარდა კითხვა. მას მერე მუდმივად კითხულობს, ძირითადად, ინგლისურად ჰომეროსიდან დაწყებული თანამედროვე ლიტერატურით დასრულებული, მისთვის ყველაფერი საინტერესო და სიამოვნების მიმნიჭებელია. შარშან აზროვნების აკადემიაში გაიარა კურსი და მისი ასაკის მხოლოდ თავად გახლდათ, ძირითადად, უფროსები ესწრებიან ხოლმე.
სადღაც ორი წლის წინ თავადაც დაიწყო წერა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართულად არ წერს, წერს მხოლოდ ინგლისურად.
აშშ-ში სტენფორდში, ბერკლიში და სხვა კოლეჯებში ორთვიანი სასწავლო კურსი გაიარა და როგორც ჩანს, მიცემული დავალებების პარალელურად, როცა დიდი ინტერესი გაუჩნდა წერის მიმართ, შემოქმედებითი წერის მიმართულება აირჩია, რაც აერთიანებს სცენარებს, პიესებს და ა.შ.
ჩვენ თავიდან ამას სერიოზულად არ ვუყურებდით, სკოლაშიც ადრეა შეყვანილი და ამიტომაც ჯეროვნად ვერ ვაფასებდით მის სურვილს.
მას შემდეგ, რაც მოთხრობების წერა დაიწყო, რამდენიმე კრიტიკოსს ვაჩვენეთ, რომელთა აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მათ შორის გახლდათ მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ანდრიას მოთხრობები პირველად სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე გამოქვეყნებულიყო. მან ასევე აღნიშნა, რომ წიგნის გამოსვლის შემდეგ რეცენზიასაც დაწერდა და ბენინგტონის უნივერსიტეტში მისი რეკომენდაციაც გავაგზავნეთ, სხვებთან ერთად. უამრავმა ადამიანმა შეასრულა დადებითი როლი…
დაფინანსება როგორ მოიპოვა?
გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის სწავლება და მათი პროცესი ცნობილია და მისაღებია უცხოური სასწავლებლებისთვის. ანდრიამ ყველა ის გამოცდა ჩააბარა, რაც აუცილებელი იყო ბენინგტონის კოლეჯში მოსახვედრად და უმაღლესი შეფასებები მიიღო. CAT-ს და „ტოეფელს“ ვგულისხმობ. ჩვენ საბუთები გავგზავნეთ შემოდგომაზე და არა ზამთარში, იანვარში, როცა შერჩევა და დაფინანსების მიღება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ანდრიამ ასე მოინდომა. ბევრი არ გვირჩევდა შემოდგომას საბუთების გაგზავნას, პირველ რიგში, დაფინანსების მოსაპოვებლად, რაც ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანდრიამ თავად მოძებნა ეს სასწავლებელი და ძალიან უნდოდა იქ წასვლა. ბენინგტონს აქვს ახალგაზრდა მწერლების კონკურსი, სადაც ანდრიამ უკვე გაგზავნა მოთხრობა. შედეგი გვიან გაზაფხულზე იქნება. კონკურსის შემდეგ გაგზავნა საბუთები, რასაც უმაღლესი სასწავლებელი ითხოვდა. თავდ დაუკავშირდნენ და დაუნიშნეს ერთი-ერთზე გასაუბრება. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ ეს დიდი ინტერესის გამოხატვა იყო მათი მხრიდან და ველოდებოდით ნორმალურ დაფინანსებას, მაგრამ არა ასპროცენტიანს, რომელიც ჩვენთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლოსკენ ველოდით პასუხს და ძალიან მოულოდნელად, ერთ-ერთმა პირველებმა მივირეთ პასუხი, გილოცავთ, ჩვენ ასი პროცენტით დაგაფინანსებთო. ჩვენ მხოლოდ ბილეთის და სხვა ხარჯები უნდა აგვეღო საკუთარ თავზე. გაოგნებულები და გახარებულები ვართ ამ ფაქტით… ვერც ვსაუბრობ…
რამდენია სწავლის საფასური?
წელიწადში 80 000 დოლარს შეადგენს, ჯამურად, რაღაცების გამოკლებით, სადღაც 250 000 დოლარზე მეტია. ოთხი წელი დაფინანსების გარანტია მიღებული გვაქვს, თუმცა ყოველ წელს განიხილავენ, თუკი კარგად არ ისწავლის. ეს გრანტი ბოლომდეა დასაცავი და ანდრიაზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებს ამას.
სწავლა სექტემბერში იწყება და ანდრია აშშ-ში გაემგზავრება.
ინტერვიუ: ნინო მურღულია