“დღეს აქ დგას ერი, ჩვენ არც მორალური და არც ადამიანური უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ აქ და არ შევუერთდეთ მათ, მით უმეტეს, მაშინ როცა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს დაუწყო ხელკეტების ენით ლაპარაკი.” – განაცხადა “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ აქციას შეუერთდა.
შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი გუმათში ჩავიდნენ არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არამედ როგორც რიგითი ქართველები:
“მინდა, დიდი პატივისცემა და თანადგომა გამოვხატო იმ ქართველების მიმართ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, ამ გაუსაძლის პირობებში, ხეობას მიტაცებებისგან იცავენ. ჩვენ აქ ჩამოვედით არა როგორც პოლიტიკური პარტია, რომელსაც უნდა ხალხის წინაშე კეკლუცობა, არამედ როგორც ქართველები, რომელთათვის უპირველესი და მთავარი სიტყვაა “ვემსახურები საქართველოს” და “ვემსახურები ჩემს ერს.”
დღეს აქ დგას ერი, ჩვენ არც მორალური და არც ადამიანური უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ აქ და არ შევუერთდეთ, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს დაუწყო ხელკეტების ენით ლაპარაკი. აქ ხალხი პოლიტიკური ამბიციების გამო არ არის შეკრებილი. როდესაც საკუთარ ხალხს და მის მოთხოვნას ეწინააღმდეგება ხელისუფლება, ვურჩევდი მათ, ნებისმიერი ქვეყნის ისტორიის წიგნი წაიკითხოს, სადაც არც ერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია, რომელსაც ბრძოლა დაუწყია საკუთარ მოსახლეობასთან. დღეს ეს ემსგავსება იმას, რომ საკუთარ ერს ებრძვის ხელისუფლება, თავის ძალაუფლების წყაროს. ასე გააგრძელებს და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად გამარგინალდება.” – თქვა მან.
მისივე თქმით, ადგილზე იქნებიან პარტიის წარმომადგენლები როგორც რიგითი ქართველები, ისინი არანაირ ძალადობრივ აქციას არ შეუერთდებიან და იმავე ფორმით დაუდგებიან აქტივისტებს მხარში, რა ფორმითაც იბრძვიან:
“თურქულ კომპანიას კი არ ვებრძვი, ჩემს ქვეყანაში ხალხის დაუკითხავად მიწა-წყლის გასხვისებას ვებრძვი. გიგატური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მას შემდეგ ვარ, რაც ეროვნულ მოძრაობაში ფეხი შევდგი, რადგან ქვეყანა უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებელი, ქვეყანაში უნდა აშენდეს ბევრი ჰესი, მაგრამ არ უნდა აშენდეს ისეთი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში მიიყვანს ჩემს ბიოგარემოს და აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანას.” – თქვა მან.
შეგახსენებთ,”„რიონის ხეობის მცველების” საპროტესტო აქცია, რომელიც ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, სოფელ გუმათში დღეს განახლდა.