ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში.
ოპონენტებისგან განსხვავებით, უმრავლესობის წევრს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თამარ ჟვანიას პირადი გადაწყვეტილებაა.
არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს არ უნდა დაუკავშირდეს.
„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ. არ შემიძლია, იმ ცრუ და არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც დასკვნის სახით მიიღო პირადად თამარ ჟვანიამ. ეს მართლაც მძიმე დარტყმა იყო, რადგან დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა.
საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციამ სწორად და გამართულად იფუნქციონირა, რაც დასაფასებელია. ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ ჰქონდა. რაც შეეხება მის გეგმებს, ბუნებრივია, მოლოდინი არავის არ ჰქონდა, რომ მის მიმართ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარს შედეგი ექნებოდა, რა თქმა უნდა, არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ მიიღებს ამ ბრალდებათა წრეს მხედველობაში, როცა ისაუბრებენ თამარ ჟვანიას შესაძლებლობებსა და კვალიფიკაციაზე. მისი გადაწყვეტილების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მქონია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სარჯველაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ წრეებში კონსულტაციები დაიწყება. ასევე, იმედოვნებს, რომ ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდებიან და ამ კუთხით კონსენსუსს მიაღწევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფეისბუქპოსტზე წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.
ჟვანია აღნიშნავს, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.