პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. მან თავისი გამოსვლა დაიწყო სიტყვებით, რომ არ აპირებს „ემოციების დახარჯვას“.
„მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას და ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი, არ უხარიათ ამ ადამიანებს ქვეყნის წინსვლა, ხართ დაბოღმილი, გამწარებული, მერე უკვირთ რატომ იღებენ ერთს და ორ პროცენტს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას? თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს?“- თქვა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანას წინსვლას და წარმატებას ვერ პატიობენ.
„არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ჩვეულებრივ, ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსინლი, საშინელებაა – ამ დროს, რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ. ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას და მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ 1-2%-ს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას? გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას, არ აფასებს სწორად. თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს? თქვენს ფარისევლობას ვინ დაიჯერებს? თქვენს ამ მტრობას ვინ დაუჭერს მხარს? ამაზე გაეცით პასუხი ხალხს.
“, – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამდე სიტყვით გამოვიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. პრემიერი პარლამენტში სწორედ მისმა ფრაქციამ და სხვა დეპუტატებმა მიიწვიეს.
გიორგი ვაშაძის გამოსვლა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე და რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომზე მთავრობის პოზიციას შეეხებოდა. მან ასევე გამოსვლისას თქვა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ უკრაინაში დაღუპული მებრძოლებისთვის. მისი გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა გიორგი ვაშაძეს გაეფრთხილებინა და რეგლამენტის გათვალისწინებით თავად უზრუნველყოფდა წუთიერი დუმილით პატივის მიგების საკითხს.