შოთა ნიშნიანიძის ქუჩის 4 ნომერში განთავსებულ საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან, მეუღლესა და შვილთან ერთად მივიდა.
“დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე, პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და მთავარია, რომ ადამიანის ღირსებას და პატივისცემას.
ეს ღირებულებები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიმართულებებს მისცემს ხმას. მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი სინდისის, ოჯახისა და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და მოვიდნენ არჩევნებზე.”– განაცხადა ივანიშვილმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით, დაახლოებით 100 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ ვაცხადებთ მუდამ, სტაბილური კვლევები გვაქვს, ვფქირობთ, არანაკლებ 55-ის, არამეტი 60-ის, აი, ამ შუალედში, რა თქმა უნდა, ორი სამი არხი მხოლოდ, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. სხვა დანარჩენი კვლევები სწორედ ამაზე მიუთითებს. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს -მინუს ორი მანდატი”– აღნიშნა ივანიშვილმა.
საქართველოში მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. დღეს ბოლო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ქვეყნის კონსტიტუცია, მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს
