LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული რეფორმები და მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად: ირაკლი შოთაძემ უწყების საქმიანობა შეაჯამა

75
FORTUNA.GE- (3)

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.

საპროკურორო საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ირაკლი შოთაძემ უწყების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა.

გენერალურმა პროკურორმა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული რეფორმები დაასახელა.

“ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტური გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი, რაც არასრულწლოვნის საჭიროებებზე ორიენტირებას და პროცესში დაზარალებულის აქტიურ მონაწილეობას უწყობს ხელს.” – განაცხადა შოთაძემ.

როგორც მან აღნიშნა:

◾  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს;

◾  პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გადაწვეტილებას დროულად იღებენ;

◾  დაბალია სასამართლოდან საქმეთა განრიდების მიზნით დაბრუნების მაჩვენებელი – 2020 წლის მონაცემების მიხედვით, განრიდებული 298 არასრულწლოვნიდან მხოლოდ ექვსმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, იგეგმება ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის ეტაპობრივი გაფართოება. ყოველწლიურად ერთ სტრუქტურულ ერთეულში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

ანგარიშის წარდგენისას გენერალურმა პროკურორმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით მუშაობა დაასახელა.

მისი თქმით, ოჯახში დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება, ასევე პროკურატურა უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე.

შოთაძე ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა და ფაქტობრივად გაორმაგდა ოჯახში დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელიც. 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4 633 პირის მიმართ დაიწყო.

“გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს 25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს – 111, ხოლო 2019 წელს – 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი.” – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით:

◾  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება, 2020 წელს დაცვის მხარის მიერ 26 საქმეზე იქნა გამოყენებული. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია წინა წლებთან შედარებით;

◾  2020 წლის განმავლობაში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 15 625 პირის მიმართ. ეს მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 18.3%-ით შემცირებულია;

◾  წინა წლებთან შედარებით, სასამართლოს მხრიდან პროკურორების მიერ მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელში გარკვეული ზრდაა, შესაბამისად, ჩატარდება კვლევები, თუ რატომ მოიმატა მაჩვენებელმა;

◾  2020 წელს, წინა წელთან შედარებით, მცირედით არის შემცირებული გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაც.

პოპულალურები