LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება, რადგან ყველა ლამაზია: ეს დღე ჩვენია

436
saq

დღეს საქართველოს დღეა. ჩვენი ქვეყანა დასაბამიდან იბრძოდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და გადარჩენისთვის. ბოლო დიდი დამპყრობლისგან, რუსეთის იმპერია-საბჭოთა კავშირისგან საქართველო დიდი ხანი არ არის, რაც განთავისუფლდა და მთელი რიგი პრობლემები აქამდე მოგვყვება. მიუხედავად ამისა, საქართველო ცდილობს თავი დაიმკვიდროს იქ, საითაც ისტორიულად მიისწრაფვოდა – ევროპისაკენ.

უამრავი ცნობილი ადამიანი ჩამოსულა საქართველოში სხვადასხვა დროს – პოლიტიკოსები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და ყველანი დიდი აღტაცებით წასულან ჩვენგან. საქართველოზე გიჟდებიან ტურისტებიც – ჩვენი ბუნება, სამზარეულო, სტუმართმოყვარეობა, ისტორია, სილამაზე, ხალხი – ყველაფერი აოცებს ჩვენი სამშობლოს სტუმრებს.

ბევრი მათგანი ამას ხმამაღლა აღიარებს და დღეს სწორედ ცნობილი ადამიანების მიერ საქართველოზე ნათქვამი მოსაზრებები გავიხსენოთ.
დღეს ხომ ჩვენი დღეა!

 

ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი… კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა.

ქრისტოფ რომელი, გერმანელი ისტორიკოსი

 

ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.*

იოჰან ვინკელმანი
გერმანელი ისტორიკოსი

 

არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.

სტრაბონი
ძველი ბერძენი ისტორიკოსი

 

საქართველო მზეთუნახავთა ორენჟერეა გახლავთ.

იმანუილ კანტი
გერმანელი ფილოსოფოსი

 

თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული.

მონტესკიე
ფრანგი მწერალი

 

მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.

ალექსანდრე დიუმა
ფრანგი მწერალი

 

ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ ქვეყანაში!

არტურ ლაისტი
გერმანელი მწერალი

 

საქართველო – საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორი კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით, რომანტიკული ციხე-ბურჯებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრი ისტორიული ტრადიციებით.

ბერნჰარდ შტერნი

 

საქართველოს ვრცელ აღწერას აქ არ შევუდგები. არის საგნები, რომლებიც კაცმა თავისი თვალით უნდა ნახოს, სიტუაციები, რომლებიც თვითონ უნდა განიცადოს, სიტყვით ან ფუნჯით მათი გადმოცემა შეუძლებელია.

ალექსანდრე პეცჰოლდტი

 

საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.

ფრიდრიხ ბოდენშტედტი
გერმანელი მწერალი

 

შენდება და მშვენდება ახალი საქართველო. ძველი და ახალი ღვინის შერევა შეიძლება არ ვარგოდეს, მაგრამ ძველი და ახალი სიბრძნე შესანიშნავად ეწყობა ერთიმეორეს.

ბერტოლტ ბრეხტი
გერმანელი პოეტი, დრამატურგი

 

საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. ეს ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. პირველი ნაბიჯი რუსთაველის ქვეყნისკენ 40 წლის წინ გადავდგი, მას შემდეგ მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკებისა და რუსთავის გიგანტების შეხამება. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები.

ალფრედ კურელა 
გერმანელი მწერალი, საქართველოს მეგობარი

 

 

 

პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რასთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი.

გუსტავ კირკი
გერმანელი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი

 

აქ მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე ინგლისში, თქვენ შემონახული გაქვთ მეგობრობის მაღალი ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაინდული მეგობრობის დრო წავიდა. დავით ლანგისგანაც ვიცოდი, რომ სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, მაგრამ ჩემგან ნანახმა და განცდილმა ყოველ მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოს ყოველი კუთხე მოვლილი მაქვს, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება სვანეთმა მოახდინა.

სტივენ ჯონსი
ინგლისელი ქართველოლოგი

 

საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.

ჰანს შერფიგი
დანიელი მწერალი

 

ლეგენდარულია საქართველო არა მარტო თავისი სტუმართმოყვარეობით: თქვენი ქალაქისა და ქვეყნის სილამაზე, თქვენი ხალხის სილამაზე, თქვენი მდიდარი ისტორია და კულტურული საგანძურები მიმზიდველია ყველა სტუმრისათვის. ყოველივე ეს ხდის თითოეულ მოგზაურობას აქ არა მარტო სასიამოვნოს, არამედ აგრეთვე, განმანათლებელს; და რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი – დაუვიწყარია.

ჯეკ მეტლოკი
ამერიკის ელჩი, 1988

 

“მეხილა საქართველო – კაცობრიობის კულტურის აკვანი, ეს ყოველთვის იყო ჩემი სანუკვარი ოცნება”.

ვერნერ სიმენსი
გერმანელი ბიზნესმენი, ინჟინერი, მეცნიერი

 

საქართველო – სამოთხის ერთი ნაწილია.

ფოტოალბომის სათაური, დას. გერმანია, 1984

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები