რობინ დანიგანი, რომელიც აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად ოფიციალურად დაამტკიცა, საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში ელჩობის კანდიდატად რობინ დანიგენი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა. ივლისში, სენატმა მხარი დაუჭირა დანიგენის დანიშვნას.
აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში.
The Embassy is excited to welcome Ambassador Robin Dunnigan to Georgia.
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2023
რობინ დანიგანი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში რობინ დანიგანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.
რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შეცვალა კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.