LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე: ღმერთმა დალოცოს ამერიკა

204
esssssssss

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს გვერდით დგომისთვის ყველაზე რთულ წუთებში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და აღნიშნა, რომ ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს.

„ჩვენი გმირი სამხედროები მხარდამხარ ებრძვიან ყველაზე დიდ მტერს 21-ე საუკუნეში – საერთაშორისო ტერორიზმს. ჩვენ წელს ვაშინგტონში აღვნიშნეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილე. ეს იყო ძალიან დიდი წარმატების 10 წელი – პერიოდი, როდესაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხდებოდა უფრო და უფრო ნაყოფიერი და სტრატეგიული“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, ამერიკელი ხალხი საქართველოს ყველაზე რთულ წუთებში გვერდში ეგდა, რასაც ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს.

“განათლება არის ჩვენი ეროვნული იდეა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალიან წარმატებული თანამშრომლობა განათლების სექტორში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაგრძელდება. ამასთან ერთად, ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ის ფასეულობები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, თავისუფლების მოყვარულ ერებს აერთიანებს, საფრთხის ქვეშაა და მას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. შესაბამისად, ისევე როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევით პრინციპული და გაბედული ნაბიჯების გადადგმა. საქართველო ამისთვის მზად არის. კიდევ ერთხელ მსურს ყველას მივულოცო ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიღებაზე სტუმრებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა უმასპინძლა.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები