ზამთრის დადგომამდე ერთი კვირაღა რჩება, შესაბამისად, ამ სეზონის მოყვარულები, განსაკუთრებულად ემზადებიან. მზადების პროცესში არიან საქართველოს ისეთი საკურორტო ზონებიც, რომლებიც სწორედ ზამთარში მუშაობენ დიდი დატვირთვით.  მოკლედ ზამთარი მოთხილამურეების, მთასვლელების და სპორტის ზამთრის სხვა სახეობების მოყვარულთა სეზონია.

ზამთარზე, როცა ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს და გამოგვრჩეს ყაზბეგის ეროვნული პარკი და აქ მდებარე მყინვარწვერი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია, თუმცა ზამთარში გამორჩეულად.

მყინვარწვერს ათასობით პროფესიონალი, თუ მოყვარული მთასვლელი სტუმრობს. მისკენ მიმავალ ბილიკზე კი მდებარეობს მეტეოსადგური, იგივე ბეთლემის ქოხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე შენობაა.

სწორედ ბეთლემის ქოხი წარმოადგენს საბაზო ბანაკს მყინვარწვერზე ასვლის მსურველთათვის. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 3650 მეტრზე.

მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე ღამისთევის ორი ალტერნატივა არსებობს: ღამისთევა საკუთარ კარავში, ბეთლემის ქოხის სადგურის გვერდით ან ღამისთევა ბეთლემის ქოხში, სადაც ფუნქციონირებს ჰოსტელის ტიპის სასტუმრო. თუ ღამისთევას შენობაში გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ქოხს ყველაზე მეტი სტუმარი აგვისტო – სექტემბერში ჰყავს, შესაბამისად ამ პერიოდში უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ ადგილები. გაითვალისწინეთ, რომ ბეთლემის ქოხში ერთი ოთახი საერთო სამზარეულოს ეთმობა, სადაც აუცილებლად თქვენი საკუთარი ჭურჭელითა და გაზით უნდა მიხვიდეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ აქ ვერ ნახავთ ცხელ წყალს, ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას, მიკროტალღურ ღუმელსა და მაცივარს.

ფოტოები აღებულია ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com

მსგავსი თემები