ინიციატივა, რომელმაც გარემოს დაბინძურება უნდა შეამციროს ასეთია: ოჯახში სამი ან მეტი ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში ადამიანებმა ბიუჯეტში ფული უნდა გადაიხადონ ან დაწესდეს გადასახადი ძრავის მოცულობის მიხედვით. ეს ჯერჯერობით მხოლოდ ინიციატივის დონეზეა, თუმცა უკვე ბევრი კითხვა გაჩნდა და სოციალურ ქსელშიც  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ გაუმჯობესდება გარემო დამატებითი გადასახადით, სად წავა ეს თანხები და რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები, რადიო „ფორტუნა“ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და ექსპერტებისგან შეეცადა.

 

ინიციატივის მიზანი

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ ეს ინიციატივა საზოგადოებიდან წამოვიდა და მათი რეკომენდაცია არ ყოფილა. მისი თქმით, ამ საკითხზე მეტი მსჯელობაა საჭირო.

რადიო „ფორტუნას“ კითხვაზე, რა კავშირშია ეს ინიციატივა გარემოს დაბინძურების შემცირებასთან, თუ მდიდარია ადამიანი, გადაიხდის თანხას და ისევ ივლის დიდძრავიანი მანქანით, ამით გარემო როგორ უმჯობესდება, ამაზე კახა კუჭავა ამბობს, რომ საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ.

კახა კუჭავა: კალიფორნიაში მაგ. თუ ერთი ადამიანი ატარებს მანქანას, ის მოსაკრებელს იხდის. ანუ მოწოდებაა, რომ გაიზიარეთ მანქანა ორმა, სამმა კაცმა, ჩვენთან რომ შეხედო, თითო მანქანით დადის ყველა. აქ ერთი რამ არის საინტერესო. თუ იდეა გავიდა, მერე მნიშვნელოვანია ამ გადასახადების მიზნობრიობა. ამას ინგლისში carbon tax  ჰქვია. ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ჰაერის გაწმენდაზე დაიხარჯოს ეს თანხა. მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა იდენტიფიცრებული მაქვს – თბილისის ქუჩების რეცხვა. რომ გეცოდინება, გადასახადს იხდიან, მაგ. ამას დაგეგმავ. ჩვენ ქვეყანაში არ გაქვს ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ეროვნული სტრატეგია. ანუ 100 ღონისძიება უნდა იყოს, რომ შედეგი მოგცეს. მარტო ერთი არ შველის, თუ ვაკეთებთ, კომპლექსურად უნდა გავაკეთოთ“.

 

რადიო „ფორტუნა“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ შედეგის მისაღებად ადმინისტრირების ეფექტიანი მექანიზმია საჭირო.

ეკა ლალიაშვილი: „მანქანის მფლობელებისთვის, ჩემი აზრით, ძრავის მოცულობის მიხედვით უნდა იყოს გადასახადი და არა რაოდენობის მიხედვით. იმ შემთხვევაში შეიძენ დიდძრავიან მანქანას, როცა გადაუდებელი რაღაც გჭირდება. გვჭირდება რეფორმების გატარება და ეს არაა სასიამოვნო. თუ გყავს, იმას გაყიდი. რასაც აფრქვევ, იმისას იხდი. იმას, ვისაც არ სჭირდება, გაყიდის, გამოცვლის უფრო ეკოლოგიური ტრანსპორტით. გადავალ ეკოტრანსპორტზე, ველოსიპედზე, თუ არის ინფრასტრუქტურა. ეს იქნება, როგორც ხალხისთვის დაწესებული გადასახადი, ხელისუფლებამ კი უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება“.

 

რა მოხდება, თუ ავტომფლობელები დაიბეგრებიან

მდიდარი ხალხისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებით პრობლემის მოგვარების გზას ვერ ხედავს ეკონომისტი მიხეილ ჩიქოვანი. მისი თქმით, თუ ადამიანს აქვს ფული, რომ დიდძრავიანი მანქანა იყიდოს, განბაჟებაში მეტი თანხა გადაიხადოს, უფრო მეტი ბენზინი დახარჯოს, გადაიხდის ამ მოსაკრებელსაც და ეს მას დიდძრავიანი მანქანის ყიდვას არ გადააფიქრებინებს. თუ გადასახადი ყველასთვის დაწესდება და ძრავის მიხედვით იქნება რეგულაცია, ეკონომისტის თქმით, ეს კიდე უფრო მძიმე მდგომარეობაში პირველ რიგში მოსახლეობის ღარიბ ფენას ჩააყენებს.

„თუ გადასახადი იქნება ძრავის მიხედვით და ყველამ რაღაც თანხა უნდა გადავიხადოთ, ეს პირველ რიგში დაარტყამს ღარიბებს. თუ საუბარია, რომ რაღაც მოცულობის ზემოთ დავბეგროთ, იმ ადამიანებს, ვინც ისედაც ბევრ ფულს ხარჯავს მანქანაში, საწვავში, განბაჟებაში, მანქანის შენახვაში, იმხელა გადასახადს ვერ დაუწესებ, რომ მანქანის ყიდვის სურვილი გაუქრო. მე ისედაც შეძლებული თუ ვარ, კიდევ ერთი ახალი გადასახადი ჩემ მოტივაციას არ აჩერებს. შეიძლება ამას ის გამართლება ჰქონდეს, რომ თუ დიდძრავიანი მყავს, უფრო მეტად ვაბინძურებ გარემოს, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, სადაც გარემოს დაბინძურების პრობლემა მოსახლეობაზე დამატებითი გადასახადების ან რეგულაციების დაწესების გზით მოგვარებულიყო“, – აცხადებს ჩიქოვანი.

 

 

სად არის გამოსავალი

ეკონომისტი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა. მისი თქმით, მსოფლიომ ბევრი გზა და რეგულაცია სცადა, მაგრამ დაბინძურების პრობლემას ვერ უშველა, სანამ ზოგადად, ხალხი არ გამდიდრდა.

მიხეილ ჩიქოვანი: „მსოფლიო ეკონომიკაში ცნობილია, რომ ერთადერთი მაჩვენებელი, რომელთანაც დაბინძურების ხარისხია მიბმული, ეს არის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. როდესაც საზოგადოება მდიდარია, ის მზადაა გაიღოს დამატებითი ხარჯები უკეთეს გარემოში საცხოვრებლად. შემოსავლების ზრდასთან ერთად, ადამიანები უფრო ხარისხიან საწვავს მოიხმარენ, ბიოპროდუქტებში უფრო ძვირს იხდიან, მანქანა გაზზე აღარ გადაჰყავთ. როცა ღარიბი ხარ, გარემოზე კი არა საჭმელზე ფიქრობ. ვინმე იტყვის, რო 90-იანებში თბილისი უფრო სუფთა იყო? უფრო სუფთა გარემო რაიმე რეგულაციის დამსახურება კი არაა, არამედ, ახლა ხალხს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, მაშინ საჭმელზე ფიქრობდა და ქუჩა არ აინტერესებდა. როცა სახლში ყველაფერი სუფთად გაქვს, მერე გადიხარ გარეთ და გიჩნდება, სადარბაზოს დასუფთავების სურვილი. განვითარებული ქვეყნების ისტორიამ დაადასტურა, რომ ერთადერთი, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებელზე გავლენას ახდენს, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა. ადამიანებზე დამატებით გადასახადების დაწესებით და კერძო სექტორიდან ფულის ამოღებით კი პირდაპირ ვამცირებთ მოსახლეობის შემოსავლებს. ამასთან სისულელეა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო კერძო სექტორიდან ამოღებულ ფულს მიზანმიმართულად დახარჯავს გარემოს გაუმჯობესებაზე და ეს რაიმეს შეცვლის. რეალურად, ეს ინიციატივა რომ კანონად იქცეს, პირდაპირ იმას დაარტყამს, რისი ზრდაც ყველაზე მნიშვნელოვანია უკეთეს გარემოში საცხოვრებლად – მოსახლეობის შემოსავლებს.”

 

 

ინიციატივის განხილვა მომავალ კვირას სესიაზე იგეგმება.

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები