LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბილოვი და ხაჯიმბა ვენესუელაში – საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

pjimage-2

საქართველოს საგარეო საგარეო უწყება ვენესუელაში ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ როგორც საქართველო, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა ვენესუელის პრეზიდენტის ახალი მანდატის ლეგიტიმურობას არ ცნობს.

“ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს არა ერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული.

ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან,” – წერია განცხადებაში.

რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი კარაკასში იმყოფებიან, სადაც დღეს, ვენესუელის პრეზიდენტად, მეორე ვადით არჩეული, ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები