LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბისი: 2040 წლისათვის გარემოს პლასტმასით დაბინძურება უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწევს

521
eight-col-plastic1

პლასტმასით დაბინძურება დღეისათვის მსოფლიო ეკოლოგიის ერთ-ერთი ნომერ პირველი პრობლემაა, თუმცა მეცნიერები ამ კუთხით მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობენ. აღნიშნულ თემაზე ჟურნალ „მეცნიერებაში“ ლიდსის უნივერსიტეტის ლექტორის, პროფესორ კოსტას ველისის პუბლიკაცია გამოქვეყნდა.

ველისის თქმით, გარემოს პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს და 20 წლის შემდეგ მისი საერთო ოდენობა პლანეტაზე 1.3 მილიარდ ტონას მიაღწევს. პროფესორის განცხადებით, ადამიანებს გააჩნიათ ტექნოლოგია და ცოდნა, რათა რაც შეიძლება შეამცირონ დაბინძურება, თუმცა ამისათვის სურვილი და საერთაშორისო თანამშრომლობაა საჭირო.

„ალბათ, ძნელია დაბინძურების მასშტაბის წარმოდგენა, ამიტომ ასეთ მაგალითს მოვიყვან: წარმოიდგინეთ, რომ თუ მთელ პლასტმასს, რაც როგორც ხმელეთზე, ასევე ოკეანეშია გაფანტული ბრტყელ ზედაპირზე დავაწყობთ, ის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის 5-ჯერ დაფარვას შეძლებს“- ამბობს ველისი.

მეცნიერები, რომლებმაც ამ მიმართულებით რამდენიმე კვლევა ჩაატარეს ამბობენ, რომ პლასტმასის წარმოების, მოხმარებისა და გადამუშავების სფეროში ძირეული ცვლილებების გარეშე ვითარება გაუარესდება, თუმცა მათ შეიმუშავეს ალტერნატიული მოდელებიც იმისათვის, რათა ეჩვენებინათ, თუ რამდენადაა შესაძლებელი ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში. მკვლევარ ვინი ლაუს თქმით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში გარემოში მიმოფანტული პლასტმასის ნარჩენები 80%-ით შემცირდება.

ნაბიჯები, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას, მოიცავს:

პლასტმასის წარმოების და მოხმარების შემცირებას;

პლასტმასის ჩანაცვლებას ქაღალდით ან სხვა ბუნებრივი მასალით;

არსებული ნარჩენების მოძიებასა და გადამუშავებაზე უფრო ეფექტურ მუშაობას, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში;

სპეციალური საწარმოების აშენებას ნარჩენების უტილიზაციისათვის;

პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის შემცირებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები