“ბულინგი” არის თემა, რომელიც აქტუალობიდან გამომდინარე მსოფლიო განხილვის საგანი გახდა. “ბულინგის” აქტუალობა ფაქტების გამრავლებამ და გამრავალფეროვნებამ განაპირობა. “ბულინგი” ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაა, რომელიც უფრო მეტად მოზარდებშია გავრცელებული. ეს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში აქტუალური პრობლემაა. დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე წინა თაობაში, მოზარდებს შორის ძალადობის ფაქტები კი მთელ მსოფლიოშია გაზრდილი.

ეს არის პირდაპირი ძალადობა. როდესაც მოზარდი განიცდის ბულინგს, მისი პიროვნული რაიმე მახასიათებლების გამო, შედეგად ძალიან ცუდ მდგომარეობას ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში ბავშვის სწორი მიმართულებით განვითარება წყდება და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება. ბულინგის შედეგები უშუალოდ უკავშირდება თვითშეფასების დაცემას და უარყოფითად მოქმედებს პიროვნების განვითარებაზე.

ჩაგვრა/აბუჩად აგდება შეიძლება იყოს როგორც ვერბალური (დამამცირებელი კომენტარების გაკეთება, ყვირილი, ჭორების გავრცელება, დაცინვა), ისე ფიზიკური (მაგალითად, დარტყმა, ნივთების სროლა). თუმცა უმეტესად ჩაგვრა ემოციური ძალადობის ხასიათს ატარებს, დამცირებაზე, დამუქრებასა და გაღიზიანებაზეა მიმართული.

 

ბულინგის ერთ-ერთი ფორმაა კიბერბულინგი, ამ დროს ბავშვი შესაძლოა ჩაგვრის ობიექტი დისტანციური გზითაც გახდეს – სატელეფონო ზარით, მესიჯებით, ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელებით (Cyber Bullying). ვერ გამოვყოფთ ერთი მიმართულებას, რომელიც უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე, ნებისმიერი სახის ჩაგვრამ შეიძლება მინიმუმ თვითშეფასების დაცემამდე მიიყვანოს ადამიანი.

 

ამ თემაზე ბავშვთა ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილს ვესაუბრეთ, რომლის თქმით, ამ ძალადობრივი ქმედების პრევენცისთვის აუცილებელია ცნობიერების ამაღლება:

ბულინგი ისტორიულად იყო, არის და იქნება. ამ პრობლემის მთლიანობაში მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ბულინგის მეთოდები დროთა განმავლობაში, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად, იცვლება. ადრე, 30, 40 წლის წინ უფრო მეტად ფიზიკური ბულინგი იყო გავრცელებული, რაც ფიზიკურ აგრესიაში ვლინდებოდა. დღეს ბულინგი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს და შეიძლება ბავშვი მხვერპლი სოციალური ქსელების საშუალებითაც გახდეს. შესაბამისად ტექნოლოგიები ბულინგის ნაირსახეობას ზრდის.

  დავით ზურაბაშვილი ფოტოზე მარცხნივ 

 

ბულინგი გულისხმობს ჩაგვრას, უარყოფით ზემოქმედებას ადამიანზე, მის არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგდებას. ეს შეიძლება იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ არანაირი ზეგავლენას არ მოახდინოს ადამიანზე, თუმცა ისეთი ძლიერიც, რომ ბავშვი სუიციდამდეც მიიყვანოს. ბულინგის მსხვერპლი მაშინ ხდება ადამიანი, როდესაც ვერ პოულობს გამოსავალს. მიმაჩნია, რომ განათლების სიტემაში აუცილებლად უნდა შევიდეს სწავლება, მინი ტრეინინგები, რომელიც ბავშვს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს ასწავლის.

ბავშვები, რომლებიც აბულინგებენ, ცდილობენ შინაგანი კმაყოფილების მიღწევას. ისინი ცდილობენ თავი წარმოაჩინონ სხვების წინაშე. გარკვეულწილად მათ ეშინიათ თავად არ გახდნენ ჩაგვრის ობიექტი და ამიტომ ცდილობენ თავი ძლიერად წარმოაჩინონ. ეს არის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი.

იშვიათად, რომ ადამიანს ბავშვობაში მიყენებული ტრავმა მთელი ცხოვრება გაჰყვეს და ვერ დაძლიოს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ასეთი ბავშვები სპეცილისტებთან ხვდებიან, რომლებიც ბულინგის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარებიან.”

აბულინგებენ ის ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა და რაღაცის მოპოვება სხვისი ჩაგვრის ხარჯზე მისაღებია.

 

30 წლის ბ.დ, რომელიც ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო, თავის ისტორიას გვიყვება:

“13 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე. გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში გადავედით და სკოლის შეცვლაც მომიწია. როდესაც სკოლაში მივედი, ვიგრძენი, რომ კლასმა არ მიმიღო. ძალიან მეგობრობდნენ, შეკრული კლასი იყო და მე თითქოს გამრიყეს. დროთა განმავლობაში დაიწყო ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა. დამცინოდნენ, რომ გარეუბნიდან ვიყავი. შემდეგ ეს ყველაფერი ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზარდა. ერთ დღესაც ჩემი კლასელი ბიჭები სკოლის შესასვლელთან დამხვდნენ და მცემემს. იმ დღის შემდეგ ჩემი ყოველდღიურობა ჯოჯოხეთად იქცა, მართმევდნენ ფულს, კლასელი გოგონების წინაშე მამცირებდნენ, მილახავდნენ თავმოყვარეობას. თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი, რომ სკოლის შეცვლა მომინდა, გამიჩნდა სუიციდის ფიქრებიც. მშობლებმა შემამჩნიეს, რომ მუდმივად ცუდ ხასიათზე ვიყავი და როდესაც მოვყევი თუ რის გადატანა მიწევდა ყოველდღიურად, ფსიქოლოგთან მიმიყვანეს. თითქმის წელიწადი დამჭირდა, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემები დამეძლია.”

ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირ შემთხვევაში გაურბიან ყველას, აქვთ დაბალი თვითშეფასება, მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.

მსგავსი თემები