„ეს სეისმურად გააქტიურებული პროცესია, რომელიც დაკავშირებულია მაგნიტურ და ტექტონიკურ აქტივობასთან“, – ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე დღეს, 11 ივლისს საქართველოში მომხდარ რამდენიმე მიწისძვრას.
საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა
მისი თქმით, მსგავსი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისში რომ დაფიქსირებულიყო, აუცილებლად ნგრევას გამოიწვევდა.
„ბოლო ერთი საათია სოფელ სამებასთან მიწისძვრა არ გაჩერებულა. ჯავახეთი ვულკანური ქედია. 2021 წლის ივნისიდან რომ დაიწყო, ფაქტობრივად არ გაჩერებულა და სულ ხდება იქ მიწისძვრები.
სეისმურად გააქტიურებული პროცესს ვადევნებთ თვალს, რომელიც დაკავშირებულია მაგნიტურ და ტექტონიკურ აქტივობასთან. ჯავახეთი ყველაზე აქტიური უბანია. პროფესიული კუთხით გასაოცარი არაფერი ხდება, შესაბამისად, აღირიცხება ეს მიწისძვრები.
პირველი ორი, ვიგრძენით. დანარჩენი აპარატურის მიერ არის რეგისტრირებული. თბილისისთვის ეს საგრძნობი არაა, თუმცა ეპიცენტრში ისეთი რყევებია, რომ აქტიურად უნდა გრძნობდნენ.
სამებაში ამ პროცესს ნგრევა არ მოჰყოლია. 07:37 საათზე მოხდა საშუალო სიმძლავრის, 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა, ეპიცენტრული მანძილი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ევნო.
4.8 სიმძლავრის მიწისძვრა რომ ყოფილიყო თბილისში, ის სერიოზულ ზიანს მოიტანდა. თბილისში ნგრევა 4. 5-მა გამოიწვია 2020 წელს და შესაბამისად, გამოიწვევს 4.8-იც. სამწუხაროდ, სტატისტიკა ასეთია“. – განაცხადა თეა გოდოლაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, მიწისძვრის შემთხვევაში პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ.
„მიწისძვრამდე უნდა დაიცვათ თავი. პირველ რიგში, უნდა ეცადოთ, რომ მდგრადი და კარგი პროექტით შეიძინოთ ბინა. თუ ცუდ სახლში ხართ და ხართ მეცხრე სართულზე, ვეღარაფერს გააკეთებთ.
ასევე, უნდა იცოდეთ, რომ არ უნდა გახვიდეთ კიბეზე და არ უნდა შეხვიდეთ ლიფტის შახტში. ეს ორი სისულელე არ უნდა გააკეთოთ.
მიწისძვრის შემთხვევაში მაგიდის ქვეშ უნდა შეხვიდეთ, რომ ნივთები არ დაგეცეთ თავზე და უნდა დადგეთ ბოძთან, მაგრამ თუ სახლს კოლაფსი აქვს, სამწუხაროდ, ვერაფერი გიშველით, ვერც მაგიდის ქვეშ ყოფნა და ვერც ბოძთან დადგომა“, – ამბობს გოდოლაძე.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ მიწისძვრებს, გოდოლაძე აღნიშნავს, რომ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.
„ეს არის სეისმური პროცესი, რომელიც არ ჩერდება. მილიონი წელია გვაქვს სეისმური აქტივობა და მას ადამიანი ვერ აჩერებს“, – ამბობს “ფორტუნასთან” თეა გოდოლაძე.
შეგახსენებთ, დღეს:
- 07:36 საათზე მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, მისი სიდიდე 4.8 მაგნიტუდა იყო,
- 09:10 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა იყო საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან,
- 09:18 საათზე მიწისძვრა იყო სოფელ სამებასთან,
- 09:48 საათზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან.
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მეოთხე მიწისძვრა: ამჯერად ბიძგები საქართველო-სომხეთის საზღვართან დაფიქსირდა