მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების კლებას უკავშირდება, არსებობს ბიზნესსეტქორები, სადაც ექსპერტები ფულის ჩადებას გვირჩევენ.
ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზი არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოა. ამ თემაზე, რადიო „ფორტუნამ“ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც დეტალურადაა საუბარი ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებასა და უცხოური ინვესტიციების კლებაზე.
სტატიის წასაკითხად მიჰყევით ლინკს:
ქვეყნის ეკონომიკა “გაიყინა” – რატომ ამბობენ უარს ინვესტორები საქართველოში შემოსვლაზე
ამ ფონზე, საინტერესოა, კონკრეტულად რომელი ბიზნესსექტორებია, სადაც ფულის ჩადება ღირს, ან ხომ არ სჯობს, ჯერ დავაკვირდეთ ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს და ამის შემდეგ დავიწყოთ ბიზნესი, რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყველა ეტაპი და კონკრეტული რჩევების მოცემა შეუძლიათ, ამ საკითხებზე რადიო „ფორტუნამ“ რამდენიმე ექსპერტი ჩაწერა.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი მიმზიდველი სფეროების დასახელებამდე ზოგადად საინვესტიციო გარემოზე საუბრობს.
„ჯერ უნდა ვნახოთ, როგორი ბიზნესგარემო გვაქვს საქართველოში. ამ მხრივ, გაუმჯობესება ბოლო წლებში არ შეინიშნება. მართალია, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ბევრს ვჯობივართ, მაგრამ ეს არაა მთავარი.
თუ ბიზნესის დაწყება გინდათ, ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ. პირველი – ეს არის ბიზნესის დაწყების ეტაპი ანუ რეგისტრაცია. ამ მხრივ, უკვე 10 წელია საქმე იდეალურადაა, აღარ არის ბიუროკრატია, ძალიან დიდი ნაბიჯებით წავედით წინ, მაგრამ ეს არაა საკმარისი.
კი ბატონო, დაწყება ადვილია, მაგრამ მერე არის დამატებითი ბარიერები და პრობლემები. მაგალითად, გავიხსენოთ საბანკო რეგულაციები. ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ ეკონომიკურ თავისუფლებას ამცირებ. ამ რეგულაციამ ხომ იმოქმედა საბანკო სექტორზე, მერე ამაზე მიბმულ უძრავ ქონებაზე, დომინოს პრინციპით პრობლემები გაჩნდა ტექნიკისა და ავეჯის ბიზნესში.
ანუ ბიზნესს დაიწყებთ მარტივად, მაგრამ არავინ იცის, როგორ დაასრულებთ“, – აცხადებს გერლიანი.
სფეროები, სადაც ღირს ფულის ჩადება
ეკონომისტი აცხადებს, რომ მიუხედავად რთული სიტუაციისა, არსებობს ბიზნესსექტორები, სადაც ღირს კაპიტალდაბანდება.
„თამამად შემიძლია ყველას ვურჩიო, რომ ფული სასტუმროებისა და ზოგადად ტურიზმის სფეროში ჩადონ. საქმე ისაა, რომ ეს მიმართულებები სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით უფრო სარგებლობს, ვიდრე რეგულაციებით. სხვა სფეროებზე როდის რა რეგულაციები დაწესდება, არავინ იცის, მაგრამ ტურიზმზე ასე არაა. დღეს ეს ერთ-ერთი პროგრესული დარგია. ოღონდ მიწის ოჯარით აღებას არ გირჩევთ, სასტუმროს მშენებლობამდე სჯობს, მიწა შეისყიდოთ.
სიახლეები მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის – რა საკითხები განიხილეს სემინარზე
რაც შეეხება, ყოველთვის აქტუალურ ბიზნესს – უძრავ ქონებას, ასე პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ რეგულაციების გამო, აქ ფული არ ჩადოთ. თუ თქვენ გაქვთ საკუთარი კაპიტალი, უძრავი ქონება ყოველთვის მომგებიანია, ოღონდ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ ფულადი რესურსი არ გაქვთ და ბანკზე უნდა იყოთ დამოკიდებულები, ამ პირობებში უძრავ ქონებას არ გირჩევთ.
ბიზნესის სხვა სექტორებსაც შევეხები და ზოგადად გეტყვით, რომ თუ რაღაც განსაკუთრებული ნოუ-ჰაუ არ გაქვთ მოფიქრებული, ვერ გეტყვით, რომ ტექნიკის, ავეჯის ან თუნდაც საიუველირო ბიზნესში უნდა შეხვიდეთ.
მიზეზი მარტივია. ასეთი ტიპის პროდუქცია, ძირითადად, მაინც შემოდის იმ ქვეყნებიდან, სადაც კონვერტირებადი ვალუტაა, ლარი კი ამ დროისთვის, ხედავთ, რომ მკვეთრად გაუფასურებულია. ეს ნიშნავს, რომ დანახარჯები მეტი ექნება ადამიანს, იმპორტი ძალიან ძვირი იქნება, თუ მომავალშიც ვალუტის ეს ტრენდი შენარჩუნდა და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ნარჩუნდება.
ამიტომ ასეთი ტიპის ბინზესის მომგებიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მესმის, რომ მაგალითად, ავეჯის ადგილზე წარმოება შეგიძლიათ და ეს უფრო იაფია, მაგრამ ძირითადი რესურსები მაინც იმპორტირებულია, ანუ მას დოლარში ყიდულობთ.
რა ხდება ავეჯის ბიზნესში
რადიო „ფორტუნამ“ ავეჯის ნაწილზე ინფორმაცია „ბიას“ ბიზნესკატალოგიდან გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ წელს შარშანდელთან შედარებით ავეჯის იმპორტიორთა რიცხვი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.
„საქართველოში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან: თურქეთი, იტალია, ჩინეთი, გერმანია და უკრაინა. იმპორტირებულ პროდუქციას შორის ძირითადად გვხვდება მზა ავეჯის იმპორტი და ავეჯის მასალების იმპორტი“, – აცხადებენ „ბიაში“.
ბიზნესკატალოგში გვითხრეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავეჯის დარგში 1042 კომპანია ფიქსირდება. მათი ცნობით, კომპანიების 24%-ს საკუთარი მაღაზიები აქვს, 72% კი პროდუქციით ამარაგებს ავეჯით მოვაჭრე კომპანიებს.
„რაც შეეხება ავეჯის კომპანიების ზომის მიხედვით გადანაწილებას, ამ სფეროში მოქმედი კომპანიების 5% მსხვილი ზომისაა, 18% – საშუალო, ხოლო 77% მცირე ზომის კომპანიაა. წინა წელთან შედარებით, მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ვერ ვიტყვით, რომ აღნიშნულ საქმიანობის დარგში კომპანიების რაოდენობა შემცირდა ან გაიზარდა“, – აცხადებენ „ბიაში“.
რამაზ გერლიანის მსგავსად, ეკონომისტი ნიკა შენგელიაც მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის ერთადერთი სფერო, სადაც დღეს ფულის ჩადება ღირს სასტუმროების ბიზნესია.
„ძალიან კარგად მუშაობს ტელეკომუნიკაციები, ინტერნეტბიზნესები, მაგრამ ეს საქართველოში, ფაქტობრივად, უკვე გადანაწილებულია. ერთადერთი, ჩემი აზრით, რჩება სასტუმროების ბიზნესი, თუმცა მიმაჩნია, რომ ის ცოტა უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა და ხვალ-ზეგ მოგებას არ აჩვენებს“, – ამბობს შენგელია.
პროფესიონალი ტრენერის რჩევები
სასტუმროების ბიზნესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესისა და რჩევების გამო, რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, ბიზნესის ამ სფეროთი დაინტერესებულებს გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერის – ქეთი ალიმბარაშვილის რჩევებიც გაგიზიაროთ, რომელიც სასტუმროების მართვის კუთხით ტრენინგებს გთავაზობთ.
დამოუკიდებელი ბიზნესკონსულტანტი და ტრენერი „მასპინძლობის ინდუსტრიიდან“ ქეთი ალიმბერაშვლი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო 13 წელია სასტუმროების ბიზნესი ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა არის ჩავარდნის პერიოდებიც.
„სასტუმროების ბიზნესის განვითარება, შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლიდან დაიწყო. ჩვენს სფეროზე ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა ცუდად აისახება ხოლმე. რა თქმა უნდა, გვქონდა რთული პერიოდებიც, მაგალითად, 2008 წელს, ომის შემდეგ ბიზნესში პრობლემები გაჩნდა, რადგან ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
მიუხედავად ამისა, სასტუმროების ბიზნესი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროდ რჩება, ვხედავთ, რომ გაიზარდა კონკურენცია.
სწორედ აქედან გამომდინარე, ბიზნესის ამ სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებაზე მოთხოვნაც გაიზარდა. გაჩნდა არაერთი სკოლა, სადაც აღნიშნული მიმართულებით ცოდნის მიღება ან გაღრმავება შეგიძლია, თუმცა მათ დიდ ნაწილს ამ სფეროში სათანადო გამოცდილება არ აქვს.
ამიტომ გადავწყვიტეთ, „ფორტუნა აკადემიასთან“ ერთად, მსურველებისთვის ისეთი კურსი შეგვეთავაზებინა, რომელიც ტურიზმის დარგში მოქმედი პროფესიონალებით დაკომპლექტდებოდა.
სწორედ მათთან ერთად ვთავაზობთ მსმენელებს სასტუმროების მართვის მენეჯმენტში სრულ კურსს. ის რამდენიმე მოდულს მოიცავს, სადაც სასტუმროს ბიზნესთან და მართვასთან დაკავშირებული საკითხებია ჩაშლილი.
შეგიძლიათ ყველა მოდული ერთად ან თითოეული ცალ-ცალკე გაიაროთ. ეს კურსი ყველას დაეხმარება, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც სამომავლოდ ბიზნესის დაწყებაში ან/და განვითარებაში დაეხმარებათ.
გარდა ამისა, კურსს ვინც გაივლის, მათ სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ამ სფეროს მთავარ და წამყვან გუნდთან ჰქონდეთ ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ალიმბარაშვილი.
მისი თქმით, მთავარია, ამ დარგით დაინტერესებულებმა ზუსტად იცოდნენ, სად მოდიან და რას წარმოადგენს სასტუმროების ბიზნესი.
“ფორტუნა აკადემიაში” სასტუმროს მართვის სრული სასერთიფიკატო კურსის შესახებ დეტალურია ინფორმაცია ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ.